დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგის ახალ სეზონს იწყებს. პირველი შეხვედრა „ჟირონასთან” აქვს. ამ შეხვედრის წინ „ღამურების” ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენცია მოაწყო, სადაც გაირკვა, რომ მაქსი გომესი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. ცნობილი გახდა ისიც, რომ კატალონიური გუნდის წინააღმდეგ „ვალენსია” 4-3-3 სისტემით ითამაშებს.
გატუზოს აკლია დაშავებული გაბრიელ პაულისტა და ოთხი თამაშით დისკვალიფიცირებული ხოსე ლუის გაია. მაქსი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოედანზე მცირე დროით თუ შეძლებს შესვლას. დაცვის ცენტრში იდგებიან მუკტარ დიაკაბი და ახალწვეული, 24 წლის შვეიცარიელი ერაი კომერტი. მარცხნივ იქნება ხესუს ვასკესი, რომელიც დისკვალიფიცირებულ კაპიტანს შეცვლის, მარჯვნივ — ტიერი კორეია.
სავარაუდოდ, ნახევარდაცვაში „ბარსელონადან” ახალგადასული ნიკოს დებიუტი შედგება თუმცა, შეიძლება გატუზომ მოედნის შუაში ის კი არა უგო გილიამონი დააყენოს. საქმე ის არის, რომ ბოლო ვარჯიშზე იტალიელი ნიკოსა და გილიამონს ანაცვლებდა.
ნახევარდაცვაში აგრეთვე იქნებიან კარლოს სოლერი და იუნუს მუსა, ხოლო „ჟირონას” კარს შეუტევენ სამუ კასტილეხო, უგო დურო და სამუელ ლინო.
„4-3-3 დროებითი სქემაა. ამას ერთჯერადად, ამ შეხვედრაში გამოვიყენებთ, მომავალში კი 4-2-3-1 სისტემით ვითამაშებთ”, — თქვა გატუზომ.
კარებში რომ გიორგი მამარდაშვილი იდგება, ამაში ესპანურ მედიას ეჭვი არ ეპარება.