ასეთი რამ პირველად მოხდა: „ოქროს ბურთის” შვიდგზის მფლობელი ლეო მესი წლევანდელი გამოკითხვის 30 კაცშიც ვერ მოხვდა. აი, რა შედეგი მოიტანა „ბარსელონადან” „პარი სენ ჟერმენში” გადასვლამ და ეფექტურობას მოკლებულმა პირველმა პარიზულმა სეზონმა. ყველაფრის თავი და თავი კი ალბათ ასაკია — არგენტინელი 35 წლის არის.
მსოფლიოს შარშანდელი საუკეთესო ფეხბურთელი ნომინანტთა სიაში 2005 წლიდან რეგულარულად შეჰყავდათ, 2007-ის შემდეგ კი 2018 წლის გარდა მუდამ სამ საუკეთესოში ხვდებოდა.
მესის წინააღმდეგ სავარაუდოდ „ოქროს ბურთის” ფორმატის ცვლილებამაც იმუშავა. პრესტიჟული ტიტული აღარ გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ამიერიდან მას სეზონის საუკეთესოს მიანიჭებენ. ახალ კრიტერიუმებში მკაფიოდ წერია, რომ ფეხბურთელები შეფასდებიან „ინდივიდუალური თამაშისა” და „შთამბეჭდავი მტკიცე ხასიათის მიხედვით, რომელმაც მოვლენებზე გავლენა იქონია”.
„ფრანს ფუტბოლი” წლევანდელ დაჯილდოებას პარიზში 17 ოქტომბერს გამართავს.
ნომინანტების სიაში არც მესის თანაგუნდელი ნეიმარია. მან გასულ სეზონში სულ 28-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.
მესის ხსენებაზე კი ცხადია ყველას კრიშტიანუ რონალდუ გაახსენდა და გაუჩნდა კითხვა, არის თუ არა პორტუგალიელი ნომინანტთა შორის. დიახ, „მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კვლავ სიაშია.