ნიკო გონსალესი უკვე ვალენსიაშია. ბარსელონელი „მესტალიაზე” წუხელ საღამოს 10 საათისთვის ჩავიდა. ახლა ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ერთი წლით, იჯარის წესით, „ღამურა” გახდება. ხელშეკრულებაში შემდგომი გამოსყიდვის უფლებაზე არაფერი იქნება ნათქვამი.

ვალენსიაში ჩასულმა ნიკომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას თავად უნდოდა „ჩეების” გუნდში თამაში. უფრო სწორად, ნიკოს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა და ამიტომაც ამჯობინა „ბარსელონადან” დროებით წასვლა. მისი „სტაჟირებაზე” გაშვება ჩავისთვისაც სასურველი სვლა გამოდგა. „ბლაუგრანას” თავკაცი თავის ნახევარმცველს „ვალენსიაში” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ხელგაშლილი დაელოდება „კამპ ნოუზე”.

„ძალიან გახარებული ვარ, — თქვა ნიკომ, — კარიერის სწორედ ასეთ გაგრძელებას ვეძებდი და ამის გამო ორიოდ დღეა აღტაცებას განვიცდი. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ჩემპიონატი”.

20 წლის ნახევარმცველმა აგრეთვე თქვა, რომ ის უკვე ელაპარაკა ჯენარო გატუზოს და მწვრთნელმა მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნიკოს იმედი აქვს, რომ კვირასვე რამდენიმე წუთს მაინც ითამაშებს „ჟირონას” წინააღმდეგ.

და კიდევ, ოთხშაბათს ნახევარმცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა „ბარსას” გულშემატკივრებს რომელთაც უთხრა, რომ ის მათ სამუდამოდ არ ემშვიდობება. ის მათ ეუბნება: ნახვამდის.

„მე როგორც ფეხბურთელს გაზრდისთვის მეტი სათამაშო დრო მჭირდება”, — წერია ნიკოს გულწრფელ მიმართვაში.