„ჰერკულესი ჩვენია“, – ასე შეეგებნენ ბელგრადში ჩვენებურ ირაკლი აზაროვს, რომელმაც ადგილობრივ „ცრვენა ზვეზდასთან“, სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზაროვი ბელგრადში „ბათუმიდან“ გადავიდა. ფეხბურთელის სანაცვლოდ საქართველოს ჩემპიონები 300 ათას ევროს მიიღებენ და სამომავლო სატრანსფერო თანხის 20 პროცენტსაც… სერბული პრესა წერს, რომ აზაროვი ხელფასი წელიწადში 250 000 ევრო იქნება.
„ცრვენა ზვეზდას“ 1991 წელს ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. ამ კლუბის წითელ-თეთრი მაისურით უთამაშიათ იუგოსლაველ ვარსკვლავებს, დღეს კი მწვრთნელი წარსულში სახელოვანი ფეხბურთელი დეიან სტანკოვიჩია, ვინც გუნდი ფაქტობრივად უკვე გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. „ცრვენა ზვეზდამ“ სომხურ „პიუნიკს“ 5:0 მოუგო და მომდევნო, გადამწყვეტ ეტაპზე ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდება. წარმატების შემთხვევაში სერბები ლიგის ჯგუფში ითამაშებენ.
ისე, საინტერესო კია, შარშან, თურქული „ტრაბზონი“ აზაროვის სანაცვლოს მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ითქვა, ბათუმელებს სატრანსფერო თანხაზე ვერ შეუთანხმდაო, ანუ ჩვენები უფრო მეტს ითხოვდნენ. ახლა კი ფეხბურთელი, რომლის ოსტატობაც შარშანდელთან შედარებით ერთი ორად ამაღლებულია, სერბებს 300 ათასად დაუთმეს… თუმც, ეს ყველაფერი არაოფიციალური მონაცემებია… კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჩემპიონი განმარტებას თუ გააკეთებს.