საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დღეს გალიდერების შანსი დაკარგა. საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში, პირველ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ნაკრებმა პოლონეთთან 1.5:2.5 წააგო. ჩვენებს უკრაინასთან უნდა მოეგოთ და გალიდერდებოდნენ. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს – 2:2.
არადა, მოგებაც შეიძლებოდა: ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკთან და და ანა უშენინასთან სწრაფი ყაიმი გააფორმეს, ხოლო დანარჩენ ორ დაფაზე ჩვენების უპირატესობა იკვეთებოდა. ნინო ბაციაშვილმა ანა მუზიჩუკთან მოიგო კიდეც, მაგრამ მერი არაბიძეს ნატალია ბუკსასთან სვლა გაეპარა და დამარცხდა.
შედეგად, ოთხ ნაკრებს – პოლონეთს, ინდოეთს, ყაზახეთსა და საქართველო 15-15 ქულა მოუგროვდათ. დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მეოთხეზე არიან.
ბოლოსწინა მე-10 ტურში ერთმანეთს სწორედ ეს ოთხეული ეთამაშება: საქართველო პოლონეთს გაეჯიბრება, ინდოეთი – ყაზახეთს.
ვაჟებმა ფილიპინებს 2.5:1.5 სძლიეს და სატურნირო ცხრილი ოდნავ გამოიკეთეს. ახლა ჩვენები 12 ქულით 22-ე ადგილზე არიან. პარტია მხოლოდ ლევან ფანცულაიამ მოიგო, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და ლუკა პაიჭაძე კი, ყაიმებს დასჯერდნენ. მეცხრე ტურში საქართველოს ვაჟთა გუნდს პერუსთან დაპირისპირება ელოდება.