Cristiano Ronaldo arrived at training on Tuesday morning looking unimpressedისევ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: პორტუგალიელი ვარსკვლავის „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი კვლავ გასარკვევია. იმავდროულად, ჩემპიონატი რომ დაიწყება, მას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. 37 წლის თავდამსხმელისთვის ეს შეურაცხმყოფელია.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გამოტოვა „იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებები ბანგკოკსა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის ერთ ტაიმში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ასეთი მომზადება ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ ჰაგისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც ის კრიშტიანუს კვირას, „ბრაიტონთან”, სასტარტო შემადგენლობაში ვერ ათამაშებს. „ბრაიტონთან” უკვე პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაა.

ტენ ჰაგს სურს შეტევაში ჯეიდონ სანჩოს, ანტონი მარსიალსა და მარკუს რეშფორდს დაეყრდნოს. ამ სამეულმა სეზონისწინა შეკრებაზე თავი გამოიჩინა.

მეორე მხრივ, კლუბში კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით რონალდუს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ემოციურად კარგს არაფერს მოიტანს. ყველას ახსოვს, მარტში, როდესაც დროებითმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა პორტუგალიელი „მანჩესტერ სიტისთან” სასტარტო შემადგენლობაში არ დაასახელა და მას ეფექტური შემცვლელის როლი შესთავაზა, ვარსკვლავმა იუკადრისა. ის გაბრაზდა, ტრავმა მოიმიზეზა და სამშობლოში გაიქცა. შეხვედრა „სიტის” გამარჯვებით დასრულდა 4:1.

„რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგურ შეხვედრაში რონალდუს ტენ ჰაგთან სულის მოსათქმელ წუთშესვენებაზე ფაქტობრივად უთანხმოება მოუვიდა — კრიშტიანუს ის მიმიკები, რომლებიც ფოტორეპორტიორებმა დააფიქსირეს სხვას არაფერს ნიშნავდა. და რონალდუ აღმოჩნდა „იუნაიტედის” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელმა შესვენებისას შეცვალა.

ყველაფრის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედი” რონალდუს გაყიდვას არ აპირებს. კონტრაქტის თანახმად მან „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაატაროს. პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მანკუნიანელთა ხელმძღვანელებს უთხრა, რომ არსებობს კლუბი, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონის სანაცვლოდ დიდ ფულს იხდის, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.