„მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს უსაყვედურა, რომ ის, რაც მან „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის დროს გააკეთა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია — პირველი ტაიმის მერე შეცვლილმა პორტუგალიელმა თამაშის ბოლომდე არ დაიცადა და სტადიონი დატოვა. არადა, ერიკ ტენ ჰაგმა ბევრჯერ თქვა, რომ ახალი „იუნაიტედის” ქვაკუთხედი ფეხბურთელების ერთსულოვნება უნდა იყოს.
მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე დატოვა. ჩვეულებრივ, ამხანაგური შეხვედრების დამთავრების შემდეგ, შეცვლილი მოთამაშეები მინდორზე დარჩენილებთან ერთად გროვდებიან ხოლმე და მწვრთნელის ცხელ-ცხელ შენიშვნებსა და მოსაზრებებს უსმენენ.
სხვათა შორის, რონალდუ იმ დღეს ერთადერთი მანჩესტერელი არ იყო რომელიც თამაშის დამთავრებას არ დაელოდა. ტრიბუნაზე იჯდა დიოგო დალოტიც, რომელსაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ბოლომდეც არ დაიცადა.
კლუბის მავანმა თანამშრომელმა „სანს” გამოუტანა ამბავი, რომ „იუნაიტედი” კრიშტიანუს დასჯას არ აპირებს, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ ცუდი სანახავია, როდესაც ფეხბურთელი სტადიონს თამაშის დამთავრებამდე ტოვებს.
„ტრიბუნებზე ხალხი იყო, რომელთაც მატჩის დამთავრების შემდეგ რონალდუს მისალმება უნდოდათ. ფეხბურთელებს მათთვის ტაში უნდა დაეკრათ”, — თქვა ინფორმატორმა.
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრა 1:1 დასრულდა.