ტოპ 14-ისგან განსხვავებით, საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში გასულ სეზონში 35-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. შედარებისთვის, ტოპ 14-ში 28 ჩვენებურის მონაწილეობა დაფიქსირდა.
რეგულარული სეზონი ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანმა“ მოიგო, თუმცა, ტოპ 14-ში სულ სხვა კლუბი აღზევდა – კოტე მიქაუტაძის, ლაშა ჭელიძისა და ლადო ჩაჩანიძის „ბაიონი“, რომელმაც პლე-ოფი მოიგო და მთავარ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
მთლიანობაში კი სეზონი დადებითად ამ ლიგაშიც უნდა შეფასდეს, ყოველ შემთხვევაში, ქართული სტატისტიკა აქაც ერთობ შთამბეჭდავია.
როგორც ვთქვით, გასულ სეზონში მონაწილეობა 35-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო, რომელთა შორის 9 ისეთიც იყო, ვინც პარალელურად ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, აღარაფერი რომ ვთქვათ 20 და 18-წლამდელებზე.
35 წლის ბორჯღალოსანმა კარლენ ასიეშვილმა სეზონის დასრულებისთანავე თავისი შთამბეჭდავი და ღირსეული კარიერა დაასრულა, თუმცა, მასზე რამდენიმე თვით უფროსი ბექა შეყლაშვილი „კოლომიედან“, ნაკრების ასევე ყოფილი წევრი, მომავალ სეზონშიც აპირებს თამაშს. სწორედ ბექა გახლავთ ყველაზე ასაკოვანი ქართველი მორაგბე პრო დ2-ის გასულ სეზონში. ყველაზე ახალგაზრდა კი „გრენობლის“ ბურჯი ირალკი აფციაურია, რომელიც დებიუტის მომენტისთვის 18 წლისა იყო.
რაც შეეხება სათამაშო სტატისტიკას, ყველაზე მეტი მატჩი ლიგიდან გავარდნილი „ბრესანის“ ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ ჩაატარა – 28.
ტოპ 14-ის დარად, პრო დ2-შიც 18 ქართული ლელო დაიდო. 2-2 საკუთარ ანგარიშზე ერთბაშად ხუთმა კაცმა ჩაიწერა: ხსენებულმა კაპანაძემ, გიორგი ახალაძემ (ბეზიე), ლუკა ნიორაძემ, გიორგი ცუცქირიძემ (ორივე – ორიაკი) და ზურაბ ჟვანიამ (გრენობლი).
ქართველებზე 16 ყვითელი და ერთი წითელი ბარათიც გაიცა. მატჩის ბოლომდე მიქაუტაძე გააძევეს, ხოლო მაჭარაშვილი და „რუანში“ ასიეშვილის პარტნიორი ხვიჩა ცოფურაშვილი სინბინში 2-2-ჯერ აღმოჩნდნენ.
დანარჩენი – სრულ ჩამონათვალში:
მონ-დე-მარსანი: ლაშა მაჭარაშვილი (23 მატჩი, 2 სინბინი).
ბაიონი: კონსტანტინე მიქაუტაძე (20 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი, 1 წითელი), ლუკა ჭელიძე (10 მატჩი, 1 სინბინი), ლადო ჩაჩანიძე (1 მატჩი).
ოიონაქსი: ბექა კაკაბაძე (11 მატჩი), ირაკლი მირცხულავა (9 მატჩი).
ნევერი: თორნიკე მატარაძე (26 მატჩი, 1 სინბინი), გია ხარაიშვილი (11 მატჩი, 1 სინბინი).
კარკასონი: იოანე იაშაღაშვილი (3 მატჩი), ნუგზარ სომხიშვილი (2 მატჩი), ლუკა პეტრიაშვილი (1 მატჩი).
კოლომიე: ბექა შეყლაშვილი (14 მატჩი, 1 ლელო).
მონტობანი: მირიან ბურდული (19 მატჩი, 1 სინბინი).
ბეზიე: გიორგი ახალაძე (22 მატჩი, 2 ლელო), ჟორჟი სალდაძე (12 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი).
ორიაკი: გიორგი ქართველიშვილი (22 მატჩი), გიორგი ჯავახია (17 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), ლუკა ნიორაძე (16 მატჩი, 2 ლელო), გიორგი გოგოლაძე (16 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), გიორგი ცუცქირიძე (12 მატჩი, 2 ლელო, 1 სინბინი), მიხეილ ალანია (4 მატჩი), ბექა შვანგირაძე (2 მატჩი).
გრენობლი: ილია კაიკაციშვილი (18 მატჩი), ზურაბ ჟვანია (17 მატჩი, 2 ლელო), ლუკა გოგინავა (15 მატჩი, 1 სინბინი), ირაკლი აფციაური (6 მატჩი, 1 ლელო), ნიკა ღვალაძე (1 მატჩი, 1 სინბინი).
აჟენი: ჯაბა ბრეგვაძე (9 მატჩი), გრიგორ ქერდიყოშვილი (9 მატჩი).
რუანი: კარლენ ასიეშვილი (16 მატჩი, 1 სინბინი), ხვიჩა ცოფურაშვილი (10 მატჩი, 2 სინბინი).
ბრესანი: ვაჟა კაპანაძე (28 მატჩი, 2 ლელო, 1 სინბინი), ზაურ თევდორაშვილი (8 მატჩი, 1 ლელო).
ნარბონი: ვახტანგ ჯინჭარაძე (3 მატჩი), ალექსანდრე ბურდული (2 მატჩი, 1 ლელო).