გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები ერთ მუშტად უნდა იყვნენ შეკრულები, მაგრამ 2012 წელს „რეალში” ასე არ იყო. მაშინ მადრიდელთა თავკაცად ჟოზე მოურინიუ მუშაობდა. პორტუგალიელმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსიდან” განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი იჯარით გადაიყვანა და ისტორია, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ მას შეემთხვა.
ისე მოხდა, რომ „რეალში” გადასულ ესიენს 30 წელი შეუსრულდა. ნახევარმცველმა იუბილეს კარგად აღნიშვნა გადაწყვიტა. მან, ჩვენებურად რომ ვთქვათ პურ-მარილი გაშალა და მთელი გუნდი დაპატიჟა, რომელთაგან… წვეულებაზე მხოლოდ ორი კაცი მივიდა — ლუკა მოდრიჩი და რიკარდო კარვალიუ. აქ დართული ფოტოც ამის დასტურია.
მოურინიუ გაცეცხლდა. მას განელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და ასეთი დამოკიდებულება ვერ აიტანა.
რობ ბისლი წიგნში „ჟოზე მოურინიუ: ახლოს და პირადად”, წერს: „მოურინიუმ თქვა, რომ „რეალი” პოლიტიკური კლუბია, რომელშიც ერთმანეთს დაპირისპირებული დაჯგუფებები არიან. მან ესიენის 30 წლის იუბილის ამბავი მიამბო. მწვრთნელს იუბილარის დაწყნარება მოხდა. ჟოზემ ესიენს უთხრა, რომ მისი თანაგუნდელების ასეთ ქცევაში პირადი არაფერია. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ის არ მოსწონთ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ და ჩათვალეს, რომ იმ დღეს სხვაგან უფრო საინტერესო საქმეები ჰქონდათ.”
2012-13 წლების სეზონში „რეალმა” ერთი ჯილდოც ვერ მოიპოვა — ლა ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, სამეფო თასზე კი ფინალში „ატლეტიკოსთან” დამარცხდა.
უცნაურია, მაგრამ არსებობს სიმღერა – „მიკაელ ესიენის დაბადების დღე”, რომელსაც ასრულებდნენ ზეპი ზეპი, კეეკო და ტაკო ჰემინგუეი, თუმცა საეჭვოა, რომ თავად ესიენს ის მოუსმენია.
„ის მხოლოდ ფეხბურთელი კი არა, ჩემი შვილობილია, — თქვა მოურინიუ მოგვიანებით, 2018 წელს, მალაიზიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში — ის ჩემს მოთამაშეებს შორის ერთადერთია, ვინც სახლში, თავის ნამდვილ სახლში დამპატიჟა. იქ, სადაც დაიბადა. გამატარა იმ ქუჩაზე, სადაც ბავშვობაში ბურთს დასდევდა. მან განა შემაყვარა. მან გამაცნო აკრა, სადაც ის ცხოვრობდა და მე ადგილობრივი ხალხის მენტალიტეტი გავიგე. მე მივხვდი, რატომ იყო ესიენი მზად მოედანზე თავი დაედო. ის მზად იყო თანაგუნდელებისთვის, კლუბისთვის, მწვრთნელისთვის თავი გაეწირა. მას შეეძლო ჯანმრთელობა არ დაეზოგა ჩემთვის და „რეალისთვის” მუხლით, რომელიც უკვე მუხლი აღარც იყო.
ეს იყო დანგრეული, დეფორმირებული ფეხი, მაგრამ მისი ხასიათის კაცი ამას არ ეპუებოდა. ტკიოდა, მაგრამ იღიმებოდა. მიკაელი ხშირად იღიმება”.