„ბარსელონას” ახალი შენაძენი რაფინია კატალონიურ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა. არადა, სულ რაღაც ორი სეზონის წინ ბრაზილიელის წინა კლუბმა „ლიდს იუნაიტედმა” „რენს” მის სანაცვლოდ 16 მილიონი გადაუხადა. როგორც ირკვევა, 25 წლის მარჯვენა გარემარბისთვის სწორედ ეს ორი წელიწადი იყო უმნიშვნელოვანესი.
რაფაელ დიას ბელოლის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ნათამაშები. ამ შეხვედრებში მან სულ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ის შემოდგომაზე ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილოთ.
ფეხბურთელის ასეთი წარმატება „ლიდს იუნაიტედის” ყოფილ მწვრთნელთან, არგენტინელ მარსელო ბიელსასთან არის დაკავშირებული.
„ის გახლავთ მწვრთნელი, რომელმაც „ლიდსში” ჩასვლის დღიდან დიდი დახმარება გამიწია. ბიელსა ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. ახლა, რომ ნაკრებში მიწვევენ და „ბარსელონაში” გადავედი, მისი დამსახურებაა. მე რომ მისი გუნდური და ინდივიდუალური ვარჯიშები არ გამევლო, ალბათ არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ”, — უთხრა რაფინიამ „მუნდო დეპორტივოს” დალასიდან, სადაც ამჟამად „ბარსასთან” ერთად სეზონისწინა შეკრებას გადის.
ბრაზილიელს ჰკითხეს, რით განსხვავდება ბიელსა სხვა მწვრთნელებისგან. მან უპასუხა:
„გარდა იმისა, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია ბურთთან ურთიერთობას, ბურთის პატივისცემას გულისხმობს, ის ვარჯიშებსა და ოფიციალურ შეხვედრებში მაქსიმუმს ითხოვს. ბიელსა ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი ამაგი არასდროს დამავიწყდება”.
რაფინიას აზრით, მასა და „ბარსას” თავკაც ჩავი ერნანდესს შორის დიდი სხვაობაა.
„ისინი სხვადასხვანაირები არიან. მარსელოს ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. ეს არის „მარსელოს ბიელსას” მეთოდი. ზოგადად კი ყველა განსხვავებულია. ისევე, როგორც ყველა ადამიანი თავისებურად ცხოვრობს, ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი თავისებურად მუშაობს”, — განმარტა გარემარბმა.
ამასობაში მიმომხილველებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ბოლო დროს „ბარსელონა” ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობს, რომელთაც ტოპ-მწვრთნელებთან უმუშავიათ. რობერტ ლევანდოვსკის ბევრი სახელოვანი სპეციალისტის ხელში გამოუვლია, ანდრეას კრისტენსენს თომას ტუხელის გაკვეთილები უმაგრებს ზურგს, ფერან ტორესს კი პეპ გვარდიოლა მოძღვრავდა.