Arsenal Bantai Chelsea 4-0„არსენალის” მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შესანიშნავი სეზონისწინა შედეგების მიუხედავად, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. „მეთოფეებმა” „ჩელსის” 4:0 მოუგეს. ეს ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება გახლდათ.

ჩრდილო ლონდონელებს დარჩათ ორი ამხანაგური შეხვედრა, „ბრენტფორდთან” და „სევილიასთან”, 5 აგვისტოს კი „კრისტალ პალასთან” სტუმრობით გუნდი პრემიერლიგას იწყებს.

„ჩელსის” კარში პირველი გოლი ახალწვეულმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. შემდეგ, მარტინ ოდეგორმა, ბუკაიო საკამ და ალბერტ სამბი ლოკონგამ სამი დაამატეს.

არტეტამ თქვა: „ჩვენს თამაშში ბევრი პოზიტივი დავინახე, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, ამიტომ ზედმეტი სიხარული საჭირო არ არის.

ახალ გუნდში თავი გამოიჩინა უკრაინელმა ოლექსანდრ ზინჩენკომ, რომელიც 30 მილიონ გირვანქად სამი დღის წინ გადავიდა „არსენალში” „მანჩესტერ სიტიდან”. მანაც არტეტას მსგავსად ილაპარაკა:

„4:0-ის მოგება ისეთ გუნდთან როგორიც „ჩელსია”, რასაკვირველია დიდებული შედეგია, მაგრამ ამხანაგური თამაში ერთია, პრემიერლიგის შეხვედრა კი მეორე”.

დამარცხებულთა მწვრთნელმა, გერმანელმა თომას ტუხელმა კი ასე თქვა: „დამსახურებულად წავაგეთ, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ცუდად ვითამაშეთ. დღეს ჩვენ კონკურენტუნარიანები არ ვიყავით”.