The Ukraine international will fly back to England with Arsenal after their friendly against Chelseaოლექსანდრ ზინჩენკოს თვალზე სიხარულის ცრემლი მოსდგომია — ის ბავშვობის საყვარელ კლუბში „არსენალში” გადავიდა. „მეთოფეებმა” 25 წლის უკრაინელი „მანჩესტერ სიტისგან” 32 მილიონ გირვანქად იყიდეს. კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ზინჩენკომ სამედიცინო შემოწმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიარა და ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე იქვე შეუერთდა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ნომრით ითამაშებს მარცხენა მცველი „არსენალში”. მისი საყვარელი ნომრები 11 და 17 დაკავებულია.

მართალია, ბიუროკრატიული ფორმალობები ჯერაც მოსაგვარებელია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის ხვალ, კვირას, „ჩელსის” წინააღმდეგ უკვე მოედანზე ვიხილოთ.

ზინჩენკო ძველ თანაგუნდელებს ტექსასში გამოეთხოვა. მან მეგობრებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ჟურნალისტებს უამბო:

„ამ დღისთვის მზად არ აღმოვჩნდი, განსაკუთრებით კი გამოსათხოვარი სიტყვის თქმა გამიჭირდა. დიდ ემოციასთან მომიხდა გამკლავება. მანამდე ჩემს ოთახში რეპეტიცია გავიარე. სულ ვუმეორებდი ჩემს თავს, ოლექს, მთავარია ცრემლი შეიკავო, მეთქი, მაგრამ ბიჭები რომ დავინახე, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მათთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებდა.

ბედნიერი ვარ, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ჩემს შვილიშვილებს ვეტყვი, რომ საოცარი კლუბის წევრი ვიყავი, რომელშიც ხუთი წელიწადი გავატარე. მეორე მხრივ კი ოცნება ამიხდა, რადგან ბავშვობაში „არსენალის” თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი. აქ თამაშობდნენ ტიერი ანრი და მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სესკ ფაბრეგასი. „არსენალის” თამაშების ყურება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე „მეთოფეთა” მაისურით. აქ ჩემი და „არსენალის” დროის გასაფლანგავად არ მოვსულვარ. ჩემთვის კლუბი ყველაფერზე წინ დგას. იმედი მაქვს, ტიტულებს მოვიპოვებთ. ბოლოხანს ვუყურებდი ამ გუნდის თამაშებს და წარმატებების სუნი მცემდა”.

„არსენალის” მწვრთნელი მიკელ არტეტა ამბობს, რომ მან შესაძლოა ზინჩენკო მხოლოდ დაცვის მარცხენა ფრთაზე თამაშით არ შეზღუდოს. ესპანელი უკრაინელის ნახევარდაცვაში მოსინჯვასაც აპირებს.

„არსენალში” ზინჩენკო შეუერთდება თავის ყოფილ თანაგუნდელ გაბრიელ ჟესუსს, რომელიც ორიოდ კვირის წინ „სიტიდან” „ემირეიტ სთედიუმზე” 45 მილიონ გირვანქად გადაბარგდა.

უკრაინელი მცველი „მანჩესტერ სიტიში” 2016 წელს რუსული „უფადან” გადავიდა. „ქალაქელებს” მისი გადაბირება 1,7 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. ზინჩენკომ „სიტისთან” ერთად ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული. 2021 წელს ის და გაბრიელ ჟესუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იყვნენ, მაგრამ „ჩელსისთან” დამარცხდნენ.