„ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მიზეზთა გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაიგვიანა, მაგრამ გუნდს მკაცრად და მკაფიოდ მართავს. შეუერთდა თუ არა დელეგაციას, ყოფილმა ვარსკვლავმა ტექნიკური დეპარტამენტის წევრებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის საკითხი დააყენა. ახლა, როდესაც „ზემოთ” საქმე გარკვეულია, ჩავი უშუალოდ ჰოლანდიელებს შეხვდება და მათთან მოაგვარებს წასვლა-დარჩენის ამბავს.

„სპორტი” წერს, რომ ჩავიმ კლუბის მმართველებს კიდევ ერთი საკითხი დაუყენა ჯიქურ. ის ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელმა აშშ-ში არ წაიყვანა, გუნდს აღარ სჭირდება. ლაპარაკია ხუთ კაცზე: მარტინ ბრაიტვაითზე, სამუელ უმტიტიზე, ოსკარ მინგუესაზე, რიკი პუჩსა და ნეტოზე. ახლა კლუბის ამოცანაა ისინი რამენაირად გაყიდოს.

ცნობილია, რომ ამ ხუთი ფეხბურთელის შეძენა დღეს არავის სურს. უნდა ითქვას ისიც, რომ ნეტომ ერთი ხნის წინ „სელტაში” გადასვლაზე განაცხადა უარი. „ბარსელონა” ევროპაში 11 დღის შემდეგ დაბრუნდება და ჩავი იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის ხუთეული კლუბში აღარ დახვდება. ისიც კი ითქვა, რომ თუ მყიდველი ვერ მოიძებნება, კარგი იქნება ბრაიტვაითსა და უმტიტის უბრალოდ თუ გაუწყვეტენ კონტრაქტებს.

ამ ფეხბურთელების გაყიდვა იმიტომ არის პრობლემური, რომ თავის დროზე მათ არაბუნებრივად დიდი ხელფასები დაუნიშნეს და პოტენციურ მყიდველებს ეს აშინებთ.