Jules Kounde of France during the warm-up before the UEFA Nations League League A Group 1 match between France and Croatia at Stade de France on June...„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა.

ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ კი კონტრაქტზე ხელის მოწერასაც აღარაფერი უდგას წინ. გუნდი აშშ-შია, სეზონისწინა შეკრებაზე. ხუთშაბათს „შარლოტთან”, კვირას კი „არსენალთან” ითამაშებს და მერე ევროპაში დაბრუნდება, სადაც იტალიაში „უდინეზესთან” წაივარჯიშებს. კუნდე ტუხელს უკვე ელაპარაკა. ის ჩქარობს, სურს ახალ თანაგუნდელებს ამერიკაშივე შეუერთდეს.

ფრანგის სანაცვლოდ „ჩელსი” „სევილიას” ერთბაშად 51 მილიონ გირვანქას გადაუხდის, რასაც დროთა განმავლობაში 4 მილიონი დაემატება. ამრიგად, კუნდე „ლურჯების” ბანაკში დაემატება მასავით ახალმისულებს კალიდუ კულიბალისა (34 მილიონი) და რაჰიმ სტერლინგს (47,5 მილიონი). კულიბალი „ჩელსიში” „ნაპოლიდან” გადავიდა, სტერლინგი კი „მანჩესტერ სიტიდან”.

ზემოთ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ვახსენეთ. მაშინ კუნდე „სტემფორდ ბრიჯზე” იმიტომ ვერ გადავიდა, რომ „სევილია” კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას სრულად ითხოვდა.

ივნისში, ფრანგმა სანაკრებო ერთა თასზე ძველი ტრავმა გაიმიზეზა და მცირე ოპერაცია დასჭირდა. ამის გამო მისი ტრანსფერი ეჭვქვეშ დადგა. „ჩელსიმ” სხვა ფეხბურთელის ძებნაც კი დაიწყო, იფიქრა „სიტისგან” ნათან აკეს წამოვიყვანო, მაგრამ ამ დროს კუნდეს ყიდვით „ბარსელონა” დაინტერესდა და ლონდონელები მიხვდნენ, რომ მასზე ხელის აღება არ ივარგებდა.