გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ავსტრიის ქალაქ ალტახში პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანულ „დორტმუნდს” 3:1 მოუგო. გიორგი 63-ე წუთამდე მოედანზე იყო და რამდენიმე ეპიზოდში თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. სტატისტიკის თანახმად, ამ შეხვედრაში დორტმუნდელებმა კარში 6-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ხუთჯერ კი მას ადგილზე „ღამურების” მეკარე დახვდა. ვალენსიელთა კარზე ძირითადი დატვირთვა პირველ ტაიმში მოდიოდა.

ეს იყო „ჩეების” მწვრთნელის ჯენარო გატუზოს პირველი თამაში ახალი გუნდის საჭესთან. ესპანური გამოცემა AS წერს რომ იტალიელს ჯერ აშკარად დასჭირდება დრო, ფეხბურთელებს თავისი კონცეპცია კარგად რომ გააცნოს და მისთვის სასურველი მოქმედებები ავტომატიზმამდე ააყვანინოს. „დორტმუნდის” მიერ შექმნილი სახიფათო მომენტები მეტწილად „ვალენსიას” დაცვის ბრალი იყო, მაგრამ კარში მამარდაშვილი იდგა და ხიფათი ტაბლოზე არ ასახულა.

ვფიქრობთ, ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ეს სიტყვები ყურადსაღებია.

ანგარიში მე-40 წუთზე გონსალო გედეშმა გახსნა. 51-ზე მარკო როისმა პენალტით გაათანაბრა, 68-ე და 62-ე წუთებზე კი მარკოს ანდრემ და ისევ გედეშმა გერმანელების კარში მეორე და მესამე გოლები შეაგდეს.

საგულისხმოა, რომ გატუზომ მამარდაშვილი მხოლოდ მას მერე შეცვალა, რაც ანგარიში 3:1 გახდა.