საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის „ჩონბუკ ჰიუნდაიში“ გააგრძელებს.

„მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა. ახლა მინდა რაც შეიძლება მალე შევუერთდე გუნდს და დავეხმარო წარმატების მიღწევაში“, – თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა.

„ჩონბუკი“ კორეის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ „ულსანს“, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.

„ჩვენი კლუბის ახალწვეული 30 წლის თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია, მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში და გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ეს უკვე „ჩონბუკის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტია.