მსოფლიო მედიას ბორჯღალოსანთა გამარჯვება, ცხადია, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. წამყვანი სარაგბო თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ექვსი ერისა“ და „მსოფლიო რაგბის“ მამებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.
ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბირამა“:
„კვირას საღამოს საქართველომ თავის ისტორიაში ულამაზესი ფურცელი ჩაწერა: ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები 28:19 ჭკუიდან გადასული პუბლიკის თვალწინ დაამარცხეს და ეს იყო არათუ მათი პირველი გამარჯვება იტალიელებთან, არამედ ზოგადად, პირველი მოგება ტიერ 1-ის გუნდთან!
არაჩვეულებრივი დავით ნინიაშვილის თამაშით ფრთაშესხმულმა ქართველებმა იტალიელებს გაუძლეს და საოცარი მატჩი მძლავრი ემოციური ბიძგით ჩაამთავრეს. ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ საუბრები „ექვსი ერის“ ფორმატის შეცვლაზე სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის.
„მონპელიეში“ მოთამაშე გელა აფრასიძემ ამჯერადაც გამოიჩინა თავი ისევე, როგორც ტოპ 14-ის ნახევარფინალში. გადამწყვეტ მომენტში მან კვლავ ითავა შორეული დარტყმის შესრულება და 56 მეტრიდან ზუსტად გაისროლა“.
ბოლოს იმასღა დავძენთ, რომ ორშაბათიდან საქართველო მსოფლიო რეიტინგის მე-12 საფეხურს უბრუნდება, ხოლო იტალია ჩვეულ 14-ზე დაქვეითდება.
ფრანგული გამოცემა „ფიგარო“:
„საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და იტალია გააოგნა. გვახსოვდეს, რომ ქართელებმა ევროპის ბოლო 12 ჩემპიონატიდან 11 მოიგეს, იტალიელები კი „ექვსი ერის“ დანარჩენ მონაწილეებს წინააღმდეგობას თითქმის ვერ უწევენ“.
„ეკიპი“, ფრანგული სპორტული გამოცემა:
„ისტორიული სარაგბო მოვლენებით გაჯერებული უქმეების მიწურულს ამ დღესასწაულში მონაწილეობა საქართველომაც მიიღო. „ქვედა ექვსი ერის“ მონაწილე ქართველებმა შინ, ბათუმში, 2020 წელს გახსნილ სტადიონზე იტალიას აშკარად აჯობეს და 28:19 მოუგეს. ამ გმირობამ საფინალო სასტვენისთანავე სტადიონის აფეთქება, ფოიერვერკები და მინდორზე თვით მამუკა გორგოძის გამოჩენაც კი გამოიწვია, რომელიც გაზონზე ყოფილი თანაგუნდელებისთვის მისალოცად გავიდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ლიონის“ გარემარბი დავით ნინიაშვილი გახდა. 19 წლის ბიჭმა თავი ორი საუცხოო გარღვევით დაგვამახსოვრა, რომლებსაც თედო აბჟანდაძის ლელოები მოჰყვა, გარდა ამისა დავითმა ერთხელ გუნდი გარდაუვალი ლელოსგან იხსნა, ხოლო გადამწყვეტ მომენტში მეტოქეს წესები დაარღვევინა და გელა აფრასიძემ 56 მეტრიდან გაიტანა! ქართველებმა მაღალ ბურთებზე ბრძოლაში დიდი პროგრესი განიცადეს, არადა ადრე „ექვსი ერის“ გუნდები მათ ამ კომპონენტში მუდამ ჩაგრავდნენ.
უელსთან მარტში გამარჯვების შემდეგ იტალია ბათუმში ძირს დაენარცხა“.
„რაგერ-ინფო“, უკრაინული სარაგბო გამოცემა:
„79-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და თანდათან მოვიდა გააზრება იმისა, რომ ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება.
ბრავო, საქართველო! ამაღამ ბათუმში ძილისთვის არავის ეცლება!“
„დეილი მეილი“, ბრიტანული გამოცემა:
„ქართული რაგბისთვის ეს იყო კარის გაღება, შანსი, რომ საკუთარი თავის შესახებ „მსოფლიო რაგბისთვის“ შეეხსენებინა.
ლევან მაისაშვილის გუნდი კარში არათუ შევარდა, არამედ სულაც ჩამოგლიჯა ეს კარი და ყოველივე გამაყრუებელი ხმაურის ფონზე მოხდა. ეს იყო საქართველოს ნიშანდობლივი გამარჯვება – პირველი გამარჯვება ტიერ 1-ის გუნდზე. რაგბის მამებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.
შავიზღვისპირა პატარა კურორტ ბათუმში კი ნამდვილი სარაგბო დღესასწაული იყო. გაუთვითცნობიერებული პირიც მიხვდებოდა, რა უნდა მომხდარიყო „აჭარა არენაზე“, მაგრამ რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
თბილისში 50 ათასზე მეტი გადარეული ფანის ქომაგობას შეჩვეულ ბორჯღალოსნებს ბათუმში სასწაული ელოდათ. 20 ათასი გიჟი ისეთ დღეში იყო, რომ სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, ეს არანორმალური ყიჟინა მას უთუოდ მოგლეჯდა“.