კვირას, ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე, საღამოს 8 საათზე სტარტს აიღებს საქართველოს და იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნების გადმოსახედიდან, ესაა ბოლო წლების მთავარი მოვლენა ჩვენი რაგბისთვის.
შეხსენება რა საჭიროა, მაგრამ მაინც: საქართველო მეორე სარაგბო დონის მოწინავეა, ხოლო იტალია პირიქით – ევროპული ექვსი ერის მაჩანჩალა. ჰოდა, უკვე მრავალი წელია, სარაგბო თემის ერთი ნაწილი ამ ელიტური „ექვსი ერის“ კარის გახსნას თუ არა, შეღებას მაინც ითხოვს. იტალიასა და საქართველოს შორის პლეი-ოფის გამართვას სამართლიან გზად მიიჩნევენ და სხვათა შორის, ბოლო ხანს ამ გზას სულ უფრო და უფრო მეტნი ემხრობიან.
ჰოდა, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი! თუ იტალიელები ბათუმშიც დაგვამარცხებენ, ისევე, როგორც წინა 4 ჯერზე, მაშინ ზემოთ მოყვანილი საუბრები ალბათ დასრულდება, მაგრამ თუ ქართველებმა ნავსი გატეხეს და იმარჯვეს, მაშინ…
რთული სათქმელია, რა მატერიალური შედეგი მოყვება ბორჯღალოსნების წატმატებას, მაგრამ უდიდესი სიხარული ნამდვილად გვექნება.
მართალია, მარტში „აძურიმ“ 15-წლიანი ნავსი გატეხა და „ექვსი ერის“ ფინიშზე უელსის ნაკრებს მოუგო, თუმცა მაინც ბოლო, მეექვსე ადილზე დარჩა. თითქოს, წინა წლებთან შედარებით უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ არც ქართველები დგანან ერთ ადგილზე. და თუ შემადგენლობებს გადავხედავთ, ბორჯღალოსანთა შორის უფრო მეტია სახელიანი მორაგბე და უკეთეს კლუბებშიც მოთამაშე. შევადაროთ: სტუმართა 23-კაციანი შემადგენლობიდან 18 მორაგბე „ბენეტონსა“ და „ძებრეს“ წარმოადგენს, რომლებმაც იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიფში (ყოფილ კელტთა ლიგაში) შესაბამისად მე-13 და ბოლო, მე-16 ადგილებზე გავიდნენ. გუნდის მთავარი ვარსკვლავი პაოლო გარბიზი გელა აფრასიძესთან ერთად „მონპელიეს“ შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ გელასი არ იყოს, ისიც მარქაფაშია ბათუმის მატჩში.
არის ერთი კაცი „ჰარლიქუინზიდან“, ერთი – „ნიუკასლიდან“, ერთი – „პოდან“ და ერთიც – „გრენობლიდან“. ამ მხრივ ჩვენი ბიჭები არათუ არანაკლებ, არამედ უკეთეს კლუბებშიც კი გამოდიან. მეორე ამბავია, რომ ფაქტობრივად ორ ფრენჩაიზად გაყოფილი იტალიელები კარგად შეთამაშებულები არიან, მაგრამ ჩვენებიც ხომ „შავ ლომში“ თამაშობენ და ასეთები ბორჯღალოსანთა შორის ბათუმში ათნი იქნებიან…
ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბმა 23 კაცში 2 დებიუტანტი შეიყვანა – „შავი ლომის“ უკვე ავტორიტეტული ბურჯი ნიკა აბულაძე და „ბაიონის“ ახალგაზრდა მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. ამ 22 წლის ბიჭის მარქაფაში გაოჩენა იმიტომაა მოულოდნელი, რომ მისი პროფესიული კარიერა საფრანგეთის მეორე ლიგა პრო დ2-ში ნათამაშები 7 წუთით შემოიფარგლება. მეორე მხრივ, დავით ნინიაშვილს სანაკრებო დებიუტისას საერთოდ არანაირი გამოცდილება არ ჰქონია საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალლიგის გამოკლებით. თუმცა, ჩაჩანიძის დებიუტი იძულებითი სვლაა, რადგან მისმა გამოცდილმა თანაკლუბელმა კოტე მიქაუტაძემ ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო.
მოკლედ, რაზმი საბრძოლო გვყავს და დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან მატჩში
1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 30 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 89, 55), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 28, 10), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 37, 5), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 16, 0), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 33, 50), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 27, 15), 8. ბექა გორგაძე (პო, 35, 40), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 65, 73), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 33, 246), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 98, 70), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპიტანი, 85, 70), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 40, 25), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 20, 90), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 12, 28).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 21, 20), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 0, 0), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 6, 5), 19. ლადო ჩაჩანიძე (აეიონი, 0, 0), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2, 0), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 39, 24), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92, 53), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 16, 5).