ფეხბურთს რომ გულშემატკივრის გარეშე ფასი არ აქვს, დიდი ხნის ცნობილი ამბავია. გახსოვთ, როგორ იყო კოვიდის წლებში? ტრიბუნებზე ხალხს არ უშვებდნენ, მაგრამ სიცარიელეს გულშემატკივართა ბანერებს აფარებდნენ, რეპორტაჟებს ადრე ჩაწერილ გუგუნს ადებდნენ და ცდილობდნენ სრულყოფილი საფეხბურთო ატმოსფერო შეექმნათ.

მაშინ, მაყურებლის გარეშე დარჩენილმა „ლივერპულმა” „ენფილდზე” ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო, არადა მანამდე ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამარცხებულა.

დღეს გვინდა გაგაცნოთ PopFoot-ის კვლევის შედეგები, რომელთა წყალობით გაირკვა იმ 40 კლუბის ვინაობა, რომელთა თამაშებს 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა.

ამ სიაში ინგლისის პრემიერლიგას ათი წარმომადგენელი ჰყავს. მათ შორის არიან „ასტონ ვილა”, „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „ჩელსი”, „ლივერპული”, „ნიუკასლი” და „არსენალი”, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი” საშუალოდ 69 488 მაყურებლით ლიდერია.

სიას გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელი „დორტმუნდი” უდგას სათავეში. „შავ-ყვითელთა” საშუალო დასწრებაა 76 155. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე”, რომელსაც დროებით სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია, მაყურებელი თავად ქმნის დიდ შოუს. მათი ეგრეთწოდებული „ყვითელი კედლის” ნახვა ერთ რამედ ღირს.

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როდესაც სტადიონზე 81 365 მაყურებელი ეტევა და 20 წლის განმავლობაში ყოველ შეხვედრას საშუალოდ 76 000 ესწრება.

იყო დრო, როდესაც დასწრების მხრივ ევროპაში თბილისის „დინამოს” სტადიონიც ლიდერთა შორის იყო.

Image

 

Image