კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აურზაური ატყდა. „სანი” წერს, რომ 37 წლის ვარსკვლავი ტრანსფერს ითხოვს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი” უარს ეუბნება. იმავე წერილში გაზეთი გვეუბნება, რომ პორტუგალიური წყაროების თანახმად თავდამსხმელს ტრანსფერი არ უთხოვია, თუმცა თავად კლუბი სხვანაირად ლაპარაკობს.
ხელშეკრულების თანახმად რონალდუ „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩეს. კონტრაქტში წერია, რომ მხარეებს ამის მერეც შეუძლიათ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ თანამშრომლობა, მაგრამ თუ შეთანხმება დაირღვევა და მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი კლუბიდან წავა, მაშინ პირველი, ვინც მის შეძენას შეეცდება „ჩელსი” იქნება. „ლურჯებმა” რომელუ ლუკაკუ „ინტერში” გაუშვეს და ახალ ფორვარდს ეძებენ.
ინგლისური პრესა ხაზს უსვამს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე ექვსი დღეა რაც ვარჯიშობს, რონალდუ კი თანაგუნდელებს ჯერ არ შეერთებია. საყურადღებოა, რომ ამ ექვსი დღის განმავლობაში გუნდის ახალმა თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა გულშემატკივარს ძალიან მოაწონა თავი, მაგრამ კრიშტიანუს სხვა პრობლემა აქვს, მას არ უნდა ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს, „იუნაიტედი” კი ამ შეჯიბრების მიღმაა.
ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულს მიაჩნია, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს 40 წლამდე შეძლებს და ბუნებრივია სურს, რომ ერთი დარჩენილი სეზონიც არ ჩააგდოს. პირველად კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში 19 წლის წინ ითამაშა, როდესაც „სპორტინგიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და მას მერე ამ შეჯიბრების გარეშე ერთი წელიც არ გაუტარებია.
სხვათა შორის, იყო ლაპარაკი მის „სპორტინგში” დაბრუნებაზე, მაგრამ ლისაბონის კლუბმა ჩანაფიქრზე მალევე თქვა უარი, რადგან რონალდუს ხელფასი კვირაში 480 ათასი გირვანქაა. ერთი სიტყვით, თუკი ვარსკვლავის გადაბირებას ვინმე გაბედავს, ეს ისევ ინგლისის, ესპანეთის ან იტალიის ისიც ზოგიერთი გუნდი იქნება.
ითქვა, რომ „ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი რონალდუს აგენტს ჟორჟე მენდეშს უკვე შეხვდა ნიადაგის მოსასინჯად.
რას ფიქრობს რონალდუს მანჩესტერულ მომავალზე ერიკ ტენ ჰაგი? ჰოლანდიელი ჯერჯერობით დუმს. სამაგიეროდ, „ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, სატელევიზიო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი დიდი ხანია ამბობს, რომ „იუნაიტედმა” პორტუგალიელი უნდა გაუშვას.
„მთელი გასული სეზონის განმავლობაში ვამბობდი, რომ მისი შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან სწორი ნაბიჯი არ იყო. მინდა სწორედ გამიგოთ, კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ის მე გაცილებით მჯობდა. მე მის ბუცებზე თასმის შემკვრელადაც არ ვივარგებდი, მაგრამ ის ყოველთვის დიდ კლუბებში თამაშობდა. რონალდუს ისეთ სუსტ გუნდში, როგორიც დღევანდელი „მანჩესტერ იუნაიტედია” არასდროს უთამაშია.
დიდ გუნდში მცდელობა, იყო მთავარი ფიგურა, გაიტანო გოლები და ხალხს წარუძღვე, კარგად აღიქმება, ცუდ გუნდში კი ყველაფერი შეიძლება ნეგატიურად მიიღონ. ვფიქრობ, გასულ სეზონში რონალდუ სწორედაც რომ ნეგატიური იყო.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ახალი სეზონი 38 წლის ფეხბურთელით არ უნდა დაიწყოს. ამ ფეხბურთელმა გოლებიც რომ გაიტანოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბისთვის ეს სწორი არ იქნება”.