გამოუცნობი დინამო
ელიგის მე-20 ტური წუხანდელი ორი მატჩით დამთავრდა, თუმც ცენტრალური შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. რიხიანად ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ, დინამოელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ბათუმში პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა. უნდა გვენახა, რას დაუპირისპირებდა მოყოჩაღებული მდევარი ლიდერს.
მაგრამ „ბათუმმა“ ყველა კომპონენტში აჯობა სტუმარ თბილისელებს, 4:1 დაამარცხა და 9 ქულით გაექცა. ახლა გია გეგუჩაძის შეგირდებს 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.
მეტოქე ყველა კომპონენტში ჩვენზე ძლიერი იყო. გავააანალიზებთ და ვნახავთ, რა არის გამოსასწორებელი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს მომდევნო თამაშამდე. ამიტომ, დროულად უნდა გადავერთოთ ესტონელებთან მატჩზეო – თქვა შემდეგ ჭიაბრიშვილმა.
თამაშს სევდანარევი სიხარული ახლდა – ხვიჩა კვარაცხელია „ბათუმს“ ემოციურად დაემშვიდობა და იტალიაში გაემგზავრა.
პირველი ქართული ჰეთ-თრიქი
„დილა“ „ტორპედოსთან“ მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა (1:4) და კონფერენციის ლიგაში ფინურ „კუოპიოსთან“ პირველი მატჩის წინ (7 ივლისს) ქომაგებს გუნება გაუფუჭა. უცებ ევროთასებზე გორელთა შარშანდელი გამოსვლა გაგვახსენდა, სლოვაკურ „ჟილინასთან“ პირველივე შეხვედრაში 1:5 რომ დამარხდნენ.
მათი მწვრთნელი, ანდრი დემჩენკო ოპტიმისტურადაა განწყობილი. ვნახოთ.
ქუთაისელებმა კი გაახარეს გულშემატკივრები. მართლაც საქმიანად მოუგეს მეტოქეს. 22 წლის თორნიკე ახვლედიანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. თანაც, შეცვლაზე შესული გახლდათ. ეს ჯამში მესამე და პირველი ქართული ჰეთ-თრიქი იყო მიმდინარე სეზონში. მანამდე ამ მხრივ თავი დინამოელთა უკრაინელ სტანისლავ ბილენკისა და გორელთა ბრაზილიელ ვაგნერ გონსალვეშს გამოეჩინათ.
კონცენტრაცია
„გაგრამ“ და „საბურთალომ“ ერთმანეთს 6 გოლი გაუტანეს. „საბურთალოს“ რამდენიმე დღეში ალბანურ „პარტიზანისთან“ ელის კონფერენციის ლიგის მატჩი და ცხადია, მათ მიმართ ყურადღება მეტია. დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ისინი 1:3 იგებდნენ და უპირატესობა გაანიავეს. ეს ბოლოსკენ კონცენტრაციის დაკარგვის ბრალი უნდა იყოს. რასაც, მით უმეტეს, კერკეტი ალბანელები არ გვაპატიებენ.
სხვა
წუხელ „სამგურალმა“ 4:1 მოუგო „ლოკომოტივს“ და მესამე ადგილზე დაბრუნდა. „სიონი“ და „თელავი“ კი ერთმანეთს უგოლოდ დშორდნენ.
სხვა მხრივ, ეს ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა – 21 ბურთი გავიდა. მეტის გატანა გუნდებმა მხოლოდ მე-12 ტურში შეძლეს – 25.
ახლა ეროვნულ ლიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება და მთელი ყურადღება ევროთასებისკენ გადავა..
ტორპედო 4:1 დილა
1:0 არაბიძე (18), 2:0, 3:0 ახვლედიანი (63, 74), 3:1 დრამე (78), 4:1 ახვლედიანი (90+3)
გაძევება: გაგნიძე (41) – დილა
გაგრა 3:3 საბურთალო
0:1 სიხარულიძე (7), 1:1 ქობულაძე (37), 1:2 ნონიკაშვილი (49), 1:3 გულიაშვილი (58), 2:3 ლომინაძე (87), 3:3 ბუხაიძე (90)
ბათუმი 4:1 დინამო
1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (58), 4:1 დავითაშვილი (90+3)
სიონი 0:0 თელავი
სამგურალი 4:1 ლოკომოტივი
0:1 შეყილაძე (37), 1:1 მაისაშვილი (40), 2:1 ნიქაბაძე (65), 3:1 რუხაძე (71 პენ), 4:1 დევდარიანი (88)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 10, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ნაპოლი იტალია), ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 8, სტანისლავ ბილენკი (დინამო), ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 7