ზოგადად ფეხბურთში 9 ნომრიანი მაისურა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, საუკეთესოა, მაგრამ „ჩელსიში”… აი, „ჩელსიში” 9 ნომერს სჯობს მოერიდო. საშიშია. ამ მაისურმა ბევრ გამოჩენილ თავდამსხმელს გაუფუჭა კარიერა. ზოგს ცხოვრებაც გაურთულა.

„ჩელსის” 9 ნომრის ბოლო მსხვერპლი გახლავთ ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომელმაც „ლურჯების” გუნდში საშინელი სეზონი გაატარა და „ინტერში” გაიქცა. არადა, 97,5 მილიონ გირვანქად იყო ნაყიდი.

Chelsea's Number 9 Curse Strikes Again As Romelu Lukaku Becomes The Latest Victim Of An 18-Year Hoodoo„სტემფორდ ბრიჯზე” 9 ნომერი რომ თარსია მას მერე გახდა ცნობილი, რაც ლონდონელთა კლუბის ჰოლანდიელმა ლეგენდამ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა 2004 წელს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „მიდლსბროს” მიაშურა. მან „ლურჯი” მაისურით ოთხ წელიწადში, 136 შეხვედრაში 69 გოლი შეაგდო და… ეტყობა მაისურს ჯადოც გაუკეთა.

ყველაფერი სერბი თავდამსხმელით მატეია კეჟმანით დაიწყო. ის „ჩელსიმ” „ეინდჰოვენისგან” 5,3 მილიონ გირვანქად იყიდა. ახალმა 9 ნომერმა „სტემფორდ ბრიჯზე” ერთ წელიწადზე მეტი ვერ დაჰყო — 24 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. არადა, იმ წელიწადს ჟოზე მოურინიუმ გუნდს პრემიერლიგის ტიტული მოაგებინა. კეჟმანი „ატლეტიკოში” გაიქცა.

კეჟმანის შემდეგ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის, არგენტინელი ერნან კრესპოს ჯერი დადგა. ის  2005-06 წლების სეზონში „ჩელსიში” დაბრუნდა (იჯარით იყო „მილანში”) და… მთლად კეჟმანის დონემდე ვერ დაეცა, მაგრამ 42 შეხვედრაში ცოტა, 13 გოლი შეაგდო. „ჩელსიმ” იმ სეზონში კიდევ ერთხელ მოიპოვა პრემიერლიგის ტიტული, კრესპოს ცოლმა კი მეუღლეს გამოუცხადა, რომ ლონდონს ვერ შეეგუა. ფორვარდი ისევ მილანში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად „ინტერში” გადავიდა.

კრესპოს შემდეგ „ჩელსიმ” 9 ნომრიანი მაისურა რატომღაც მცველს, ჰოლანდიელ ხალიდ ბულაჰრუზს ჩააცვა. კაცი, რომელსაც მეტსახელად კანიბალს ეძახდნენ ყველას ლუკმა გახდა. ის თავიდან მოშორების მიზნით იჯარით „სევილიაში” გაუშვეს.

ბულაჰრუზი როგორც ვთქვით მცველი იყო. მის შემდეგ „ჩელსის” 9 ნომერმა ნახევარმცველი „შეიწირა” — სტივ სიდუელი. მას საერთოდ შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა.

სიდუელს მოჰყვა 19 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ფრანკო დი სანტო, რომელმაც „ლურჯების” შემადგენლობაში სულ 8 შეხვედრა ჩაატარა.

Mateja Kezman was the first man to take the No 9 shirt after Jimmy Floyd Hasellbaink (image: Alamy)
მატეია კეჟმანი

კარგი, ბელაჰრუზი, სიდუელი და დი სანტო მაინც მეორეხარისხოვანი სახელები იყო. ესპანელი ფერნანდო ტორესი ხომ დაფრინავდა „ლივერპულში” (142 მატჩში 81 გოლი); ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავი გახლდათ. და რა? ჩაიცვა თუ არა „ელ ნინიომ” „ჩელსის” 9 ნომრიანი მაისურა, გუნდმა პირველივე შეხვედრაში 0:1 წააგო. ტორესმა ის სეზონი 18 შეხვედრაში 1 გოლით დაასრულა.

ესპანელმა „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ სამი წელიწადი გაატარა, 2012-ში ჩემპიონთა თასიც მოიპოვა, მაგრამ დიდი ფორვარდის სტატისტიკა აღარ ჰქონდა — 172 შეხვედრაში 45 გოლი.

„ელ ნინოს” გახდილი მაისურა კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ მოირგო, 12 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და „მონაკოში” დაბრუნდა. შედარებისთვის: შემდეგ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში მან 43 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

შემდეგ 9 ნომერს, ალვარო მორატას 2017 წელს აფრთხილებდნენ, რომელიმე სხვა მაისურა აირჩიეო, მან კი ყური არავის დაუგდო. არადა, „ჩელსიმ” მასში „რეალს” 60 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ჰოდა, გაატარა ესპანელმა თავდამსხმელმა „სტემფორდ ბრიჯზე” მოკრძალებული სეზონნახევარი და შინ, ოღონდ „ატლეტიკოში” დაბრუნდა.

„ლონდონში საშინელი ცხოვრება მქონდა. ბოლოს სულ მარტო ვვარჯიშობდი. ნერვებს ვერ ვთოკავდი. ცოლი ვეღარ მცნობდა. ქალაქშიც ვერ გავდიოდი. ძალიან ახლოს ვიყავი დეპრესიასთან”, — იგონებდა მერე მორატა.

და ის კიდევ ერთმა არგენტინელმა გონსალო იგუაინმა შეცვალა — 6 თვეში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გაიქცა.

შემდეგმა, დასავლეთ ლონდონელთა აკადემიის აღზრდილმა ტამი აბრაჰამმა პირველი სეზონი კარგად ჩაატარა და 18 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ შემდეგ ჯადო მასზეც გავრცელდა, მომდევნო სეზონში ჩაფლავდა და დღეს „რომაშია”, სადაც 53 მატჩში შთამბეჭდავი 27 გოლი შეაგდო.

ბოლოს კი იყო ლუკაკუ…