წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა. მისმა ოპონენტებმა მაშინ ძალები გააერთიანეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ლაპორტა დღეისათვის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ბოლო კრებებზე მის წინადადებებს კლუბში მხარი ფაქტობრივად ყველამ დაუჭირა, მაგრამ ოპონენტებს რა გამოლევს. მაგალითად, ზოგი კითხულობს, რატომ გააჩერა მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანი ასე დიდხანს, ზოგი კი კუმანის საკითხზე აღარ ხურდავდება და ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში” გაყიდვას ახსენებს მწარედ.
ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტას კონკურენტის, ვიკტორ ფონტის ბოლო პრეს-კონფერენციაზე გვინდა გითხრათ. ფონტი კლუბის ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო და სცადა დასაბუთება, რომ თუ რამ ცუდი მოხდა, ყველაფერი ლაპორტას ბრალია.
„ჩვენ გვქონდა გეგმა, რომელიც სახელფასო ფონდსა და ხარჯებს შეამცირებდა. ამ გეგმითა და მესის „ბარსელონაში” დარჩენის სურვილით დარწმუნებული ვარ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა — ლეო დღესაც „კამპ ნოუზე” ითამაშებდა”.
კიდევ, ფონტმა ლაპორტა სტრატეგიის არქონაში დაადანაშაულა.
„მე კრიტიკის გამო კრიტიკა არ მინდა. უბრალოდ გეტყვით, რომ მას გეგმა არ აქვს და იმპროვიზაცია არ შეუძლია”, — თქვა ყოფილმა კონკურენტმა.
არჩევნების წინ ლაპორტა „ბარსელონას” ქომაგებს არწმუნებდა, რომ მისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში ის ლეო მესის „კამპ ნოუზე” დატოვებდა და როგორც გამოცდილმა კაცმა ცხადია იცოდა, რომ ასეთი დაპირება ხეირს მოუტანდა. ადრე, როდესაც ის პირველად აირჩიეს „ბარსას” პრეზიდენტად, ლაპორტა ფანებს დევიდ ბექემის ყიდვას ჰპირდებოდა. ცოტა ხნის წინ კი, როდესაც პრეზიდენტს კლუბში გარკვეული ფინანსური ბერკეტების მოპოვება უნდოდა, ის ჟიულ კუნდესა და რობერტ ლევანდოვსკის გვარებით მანიპულირებდა.