„ბარსელონამ” მკაცრი განცხადება გაავრცელა. კლუბი „რომას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება. იტალიურ კლუბს, რომლის მწვრთნელიც კატალონიელების ძველი მტერ-მოყვარე, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარი „ჟოან გამპერის თასის” ტრადიციულ გათამაშებაში, უფრო სწორად კი შეხვედრაში მონაწილეობაზე.
„გამპერის თასი” ამხანაგური თამაშია, რომლითაც ზაფხულობით, „კამპ ნოუზე” სეზონი იხსნება. წლეულს კატალონიელებს მეტოქედ „რომა” ჰყავდათ შერჩეული. თამაში 6 აგვისტოს იყო დანიშნული. უნდა გამართულიყო „ბარსელონასა” და „რომას” ქალთა გუნდების შეხვედრაც.
და უცებ, იტალიურმა კლუბმა დაწერა, რომ 2022-23 წლების სეზონისთვის მზადების უკეთესი ვარიანტის ძიებაში გადაწყვიტა, რომ გუნდი „გამპერის თასზე” არ ითამაშებს. ამის პასუხად, „ბარსამ” თავისი წილი საკმაოდ აგრესიული განცხადება გამოაქვეყნა.
„ბლაუგრანა” ახალ პარტნიორს ეძებს. გარდა ამისა, კატალონიელთა კლუბს 24 საათში გაყიდული ბილეთების ფულის ხალხისთვის დაბრუნება მოუწევს.
როგორც ჩანს, „რომამ” თამაში მას მერე გადაიფიქრა, რაც ჟოზე მოურინიუმ სერია A-ს მომდევნო სეზონის კალენდარი ნახა.
ჰანს-მაქს გამპერ-ჰაესინგი იყო შვეიცარიელი საფეხბურთო მოღვაწე, რომელმაც შვეიცარიასა და ესპანეთში რამდენიმე კლუბი დააარსა, მათ შორის „ციურიხი” და „ბარსელონა”.