„სანი” წერს, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს: „ლივერპული” სადიო მანეს შემდეგ მოჰამედ სალაჰის გაყიდვასაც აპირებს. კლუბის მეპატრონეები სენსაციურ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ეგვიპტელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქის ანუ 70 მილიონი ევროს ფარგლებში იხეირებენ.

Mo Salah's net worth, wife, salary, contract, awards, age ▷ SportsBrief.comკლუბი, რომელმაც შეიძლება სალაჰის შეძენა სხვებზე მეტად იჩქაროს გახლავთ „რეალი”, თუმცა, ცხადია, მადრიდელების გარდა მსურველები სხვებიც იქნებიან.

ზემოხსენებული სანე „ლივერპულმა” „ბაიერნს” 35 მილიონ გირვანქად მიჰყიდა. სენეგალელს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა გაისად ამ დროს გაუდიოდა.

ზუსტად იგივე სიტუაციაა სალაჰთანაც. 30 წლის თავდამსხმელს ერთ წელიწადში შეეძლება „ენფილდ როუდი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს ანუ „ლივერპულმა” მის სანაცვლოდ პენიც ვერ მიიღოს.

ასეთი ზარალის თავიდან ასაცილებლად ინგლისური კლუბი ეგვიპტელთან ხელშეკრულების განახლებას ცდილობს, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რადგან ფეხბურთელი ხელფასად კვირაში 400 000 გირვანქას ითხოვს.

„სანი” წერს, რომ „ლივერპულს” სალაჰის დატოვება რასაკვირველია უნდა, მაგრამ ეს კლუბის სახელფასო სისტემის არევად არ უღირს.

სადღეისოდ სალაჰის ხელფასი კვირაში 240 000 გირვანქაზე ცოტათი ნაკლებია ანუ ყველაზე მაღალხელფასიან თანაგუნდელს ვირჯილ ვან დაიკს ჩამორჩება. ის ამბობს, რომ „ლივერპულისგან” განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს — კვირაში 400 000 მისთვის „გიჟური” ხელფასი არ არის.

„რეალი” პროცესს აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ სალაჰსა და მის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მომხდარი ისტორიების გამო საუკეთესო ურთიერთობა სავარაუდოდ არ აქვთ, მზად არის პირველივე შესაძლებლობისთანავე საქმეში ჩაერთოს.