„ჩელსიმ” და „ინტერმა” საერთო ენა გამონახეს — ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იჯარით მილანში ბრუნდება. გარიგება ერთწლიანია. მისი საფასურია 7 მილიონი გირვანქა.
29 წლის ლუკაკუში ლონდონელებმა „ინტერს” სულ რაღაც 10 თვის წინ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ახალა, ოღონდ უკან დაბრუნებულიყო და 29 წლის ფორვარდმა ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც კი განაცხადა თანხმობა — 12 მილიონ ევროს (10,3 მილიონი გირვანქა) იღებდა და 8 მილიონს (6,87 მილიონი გირვანქა) მიიღებს.
მხარეებმა შეთანხმებას სამშაბათ საღამოს მიაღწიეს. ხელშეკრულებაში შეტანილია დამატებითი პუნქტებიც. კერძოდ, თუ ბელგიელის ტრანსფერი „ნეროაძურისთვის” სიკეთის მომტანი გამოვა, ისინი „ლურჯებს” დამატებით 3,5 მილიონ გირვანქას გადაუხდიან. ლონდონელთა სასიხარულოდ, მომდევნო სეზონში ლუკაკუს ხელფასი მათი გადასახდელი არ არის.
რა მოხდება სეზონის დასრულების შემდეგ, ამ ხელშეკრულებაში არ წერია. თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის.
ლუკაკუ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ინტერთან” ერთად იტალიის 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.
„ჩელსიში”, სადაც 2011 წელსაც თამაშობდა, ბელგიელს არ გაუმართლა, ხან ტრავმა ჰქონდა, ხან კოვიდი. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლონდონელთა მწვრთნელ თომას ტუხელს ის თურმე ტაქტიკურად არ აწყობდა.
არც ფეხბურთელი გამოდგა დიდი დიპლომატი. დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ „ჩელსიში” თავს კარგად ვერ გრძნობდა და უახლოეს მომავალში „ინტერში” დაბრუნებაზე ოცნებობდა.
ამბობენ, რომ ლუკაკუს გაყიდვის შემდეგ „ჩელსი” ახალი თავდამსხმელის შეძენას შეეცდება. ტუხელის მთავარი სამიზნე „მანჩესტერ სიტის” ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი ყოფილა. თუ სტერლინგი ვერ გადაიბირეს, მაშინ სტემფორდბრიჯელი შეფები „ევერტონიდან” რიშარლისონის ან „ბარსელონადან” ოსმან დემბელეს გამოსყიდვას შეეცდებიან.