„მანჩესტერ იუნაიტედი” უკმაყოფილოა, რომ გულწრფელი საუბარი, რომელიც რიჩარდ არნოლდსა და ფანებს შორის შედგა, ვიღაცამ გადაიღო და დაპოსტა.
არნოლდი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია. მან თქვა, რომ კლუბმა „მთელი ფული დაწვა” და გასულ წელიწადს f****** კოშმარი უწოდა. ეს პაბში მოხდა, სადაც მას და ფანებს შორის იმპროვიზებული შეხვედრა გაიმართა.
არნოლდმა გულწრფელად აღიარა, რომ ვითარება მძიმეა, თუმცა ისიც დასძინა, რომ მის გამოსასწორებლად ბევრს მუშაობს.
აღმასრულებელმა შეფმა საუბრის წინ ფანებს სთხოვა კამერები არ ჩაერთოთ და ის, რაც პაბში ითქმებოდა მათ შორის დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” უღირს საქციელად ჩათვალა.
საუბარში არნოლდი ამბობს, რომ გლეიზერების ოჯახმა ფეხბურთელების ყიდვაზე მილიარდი გირვანქა დახარჯა. ამ საქმისთვის ასეთი თანხა ევროპაში არავის გაუღიაო, უთქვამს მაღალჩინოსანს.
ჩანაწერში ისმის: „სულაც არ ვარ აღფრთოვანებული გუნდის მდგომარეობით. განვიცდი, ასე როგორ დავქვეითდით და ვცდილობ მომავალში მდგომარეობა გამოსწორდეს. ჩვენ მთელი ფული f****** დავწვით, მაგრამ ახლა ვერ გახვალ ბაზაზე და ვერ მოითხოვ, მანახეთ, აბა, სად წავიდა ის მილიარდიო. ვერ მოითხოვ, რადგან ეს თანხა სწორად არ დახარჯულა.
გასული წელიწადი f****** კოშმარი იყო. ყველა შეხვედრა საზიზღრობა გამოვიდა. ჩვენ უამრავი ფული გავატანეთ ქარს”.
შემდეგ არნოლდმა ფანებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა და სცადა ისინი დაერწმუნებინა, რომ ფეხბურთელების შესაძენად ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ფული მაინც საკმარისად აქვს.
რიჩარდ არნოლდისა და ფანების შეხვედრის შესახებ „მანჩესტერ იუნაიტედის” პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ არნოლდმა თავის სახლთან, პაბის გვერდზე ჩავლისას ყური მოკრა ფანების ლაპარაკს და გაუჩნდა სურვილი აეხსნა მათთვის, თუ რა ხდება კლუბში სინამდვილეში.