სადიო მანეს გეზი „ბაიერნისკენ” უჭირავს. სენეგალელი „ლივერპულისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ბევრის აზრით, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მან პრემიერლიგაში ასზე მეტი გოლი გაიტანა, 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-19 წლების სეზონში 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირის „ოქროს ბუცით” დააჯილდოეს.
ბრიტანულ პრესაში მანეზე წერენ, რომ ის არა მხოლოდ „ლივერპულის” არამედ მთელი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია. მოგეხსენებათ, პრემიერლიგა 1992 წელს დაარსდა და 1992-93 წლების სეზონიდან მოქმედებს. მანე მსოფლიო დონის ვარსკვლავად 2016 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ანუ მას მერე, რაც „საუთჰემპტონიდან” „ლივერპულში” გადავიდა, თუმცა უნიკალური რეკორდი, რომელსაც მას ალბათ კარგა ხანს ვერავინ მოუხსნის, სწორედ „საუთჰემპტონში” თამაშის დროს დაამყარა.
ქვემოთ შემოგთავაზებთ პრემიერლიგის 14 საოცარი რეკორდის ჩამონათვალს.
- ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი 2015 წლის 16 მაისს, „საუთჰემპტონისა” და „ასტონ ვილას” მატჩში სადიო მანემ შეასრულა. მან სამი გოლი 2 წუთსა და 56 წამში გაიტანა.
- მწვრთნელთა შორის გუნდს ყველაზე დიდხანს არსენ ვენგერი ედგა სათავეში: 1996 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 მაისამდე (21 წელიწადი) ის „არსენალს” წვრთნიდა. ვისაც სერ ალექს ფერგიუსონი და „მანჩესტერ იუნაიტედი” გაახსენდა, შევახსენებთ, რომ აქ პრემიერლიგის რეკორდებზეა ლაპარაკი, ფერგი კი „იუნაიტედს” პრემიერლიგის დაარსებამდეც ხელმძღვანელობდა.
- ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ პრემიერლიგურ სეზონში მიიღო მონაწილეობა არის რაიან გიგზი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში” 1992/93 წლების სეზონში დაიწყო და 2012/13 წლების სეზონში დაასრულა. ცხადია, უელსელმა ყველა სეზონში გოლიც შეაგდო.
- ყველაზე ასაკოვანი, ვისაც პრემიერლიგის შეხვედრაში მოედანზე ფეხი შეუდგამს არის „მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯონ ბარიჯი, რომელიც 1995 წლის 14 მაისს, „ქალაქელებისა” და „ქვინზ პარკ რეინჯერსის” შეხვედრაში 43 წლისა და 162 დღის იყო.
- კლუბი, რომელმაც პრემიერლიგა ყველაზე ცოტა ქულით მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედია”. ფერგის ბიჭებმა 1996-97 წლების სეზონში 75 ქულა იკმარეს.
- რაც პრემიერლიგა არსებობს, ერთ სეზონში ყველაზე ცოტა ქულა 2007-08 წლების სეზონში დააგროვა „დერბი ქაუნთიმ”.
- ჩემპიონსა და მეორე ადგილზე გასულს შორის ყველაზე მცირე განსხვავება იყო 2011-12 წლების სეზონში, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა” 89 ქულა მოაგროვეს და ბოლო ტურში სეხიო აგუეროს დაუვიწყარი გოლის წყალობით, ჩემპიონი „სიტი” გახდა. გოლების სხვაობა „ქალაქელებს” ჰქონდათ +64, ხოლო „იუნაიტედს +56.
- პრემიერლიგაში ყველაზე „სწრაფი გოლი” 2019 წლის 23 აპრილს, „საუთჰემპტონისა” და „უოტფორდის” შეხვედრაში მასპინძელმა შეინ ლონგმა 7,69 წამზე შეაგდო.
- ჯერმაინ დეფომ 2009 წლის 22 ნოემბერს, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „უიგანის” შეხვედრაში, ერთ ტაიმში 5 გოლი გაიტანა. დეფოს გარდა კიდევ ოთხ ფეხბურთელს გაუტანია პრემიერლიგის შეხვედრაში 5 გოლი, მაგრამ ერთ ტაიმში არავის.
- დაუმარცხებლად ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა „არსენალმა” — 2003 წლის 7 მაისიდან 2004 წლის 24 ოქტომბრამდე „მეთოფეებმა” 49 შეხვედრა არ წააგეს.
- შეცვლაზე შესულთაგან არსენალელმა ნიკლას ბენდტნერმა 2007 წლის 22 დეკემბერს, „არსენალისა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” შეხვედრაში, 6 წამში გაიტანა გოლი, რაც რეკორდია.
- ყველაზე ცოტა გოლი სეზონში გაუშვა „ჩელსიმ”. ეს მოხდა 2004-05 წლების სეზონში, როდესაც მეტოქეებმა „ლურჯებს” 15 გოლზე მეტი ვერ გაუტანეს. ადვილი მისახვედრია, რომ მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ იყო. სულ კი, რაც პრემიერლიგა არსებობს, მხოლოდ ორმა კლუბმა გაუშვა სეზონში 20 გოლზე ნაკლები.
- ყველაზე მეტი თამაში (და არა სეზონი) მიჯრით ითამაშა ამერიკელმა მეკარემ ბრედ ფრიდელმა. ის, 2004 წლის 14 აგვისტოდან 2012 წლის 29 სექტემბრამდე ზედიზედ 310 შეხვედრაში გავიდა მოედანზე.
- შინ ყველაზე მეტი თამაში არ წააგო „ჩელსიმ” — 86. ეს მოხდა 2004 წლის 20 მარტიდან 2008 წლის 5 ოქტომბრამდე.