მართალია, საანგარიშო მატჩი პარასკევს თბილისის დროით საღამოს 20.00 საათისთვის უკვე მორჩენილი იყო, მაგრამ ამ მოკლე მიმოხილვის დაწერის მომენტისთვისაც კი ვერ მოვახერხეთ რეპორტაჟის ჩანაწერის ან თუნდაც მატჩის ტექნიკური შედეგების მოძიება. მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ „შავმა ლომმა“ ქარის თასის პირველი დივიზიონის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელ მასპინძელთან და ამ ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ „გრიფონსთან“ დამატებით დროში 38:41 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 21:15 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 80 წუთის შემდეგ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსიდა – 31:31. დამატებით დროიში კი „გრიფონსმა“ 10:7 იმარჯვა და ზედიზედ მეორედ გავიდა ქარის თასის პირველი დივიზიონის ფინალში.
ცნობილი ასევე ისიცაა, რომ ქართველებმა 7 ლელო-გარდასახვა გაიტანეს და ზედაც ზუსტი საჯარიმო მიაყოლეს, თუმცა არც წუთებისა და არც გვარების შესახებ ინფორმაცია ჯერაც არაა ცნობილი.
მოკლედ, „შავი ლომის“ პირველი ქარის თასი ტურნირის ნახევარფინალში გასვლით დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრენჩაიზის წევრების ნაწილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახლავე შეუერთდება და დანარჩენ ბორჯღალოსნებთან ერთად ივლისის უმნიშვნელოვანესი ტესტებისთვის მოემზადება. მოგეხსენებათ, 3 ივლისს ქუთაისში საქართველოს ნაკრები არგენტინა XV-ს დაუპირისპირდება, ანუ „პუმების ეროვნული გუნდის უპირველეს რეზერვს, რომელშიც რამდენიმე ცნობილი გვარიც ამოვიკითხეთ.
10 ივლისს კი ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია: ბათუმის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიას უმასპინძლებს და წინა 4 წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
დაბოლოს, 16 ივლისს, კვლავ ქუთაისში, ბორჯღალოსნები ძალებს პორტუგალიასთან ჯახში მოსინჯავენ – გუნდთან, რომელმაც ქართველებს თითქმის 5-წლიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა და ევროპის ჩემპიონატში ბორჯღალოსნებს ფრედ ეთამაშა. გარდა ამისა, როგორც ხსენებული ჩემპიონატის მესამეადგილოსანი, პორტუგალია მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ციკლის რეპეშაჟში ჩაებმება და თუ იქ იმარჯვებს, 2023-ში მსოფლიო თასზე ქართველებთან ერთ ჯგუფში აღმოჩნდება.