მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს შეიკრიბა. ჩვენები 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს, თბილისში, ესპანეთთან ითამაშებენ.
ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ამ მატჩებისთვის 22 კალათბურტლს უხმო.
გუნდს ვერ დაეხმარება „მილუოკი ბაქსის” ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, ვისაც კლუბთან NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება გააჩნია. მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში, ივლისის ბოლოს შეუერთდება.
„ინდიანას“ გოგა ბითაძე კი თბილისშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და „ინდიანა პეისერსს“ შორის ბითაძესთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში გაირკვევა, ნაკრების უახლოესი 3 ღონისძიებიდან (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ივლისის და აგვისტოს ფანჯრები, ევობასკეტ 2022) ბითაძე სად ითამაშებს. მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციებით, NBA-ის მოთამაშეებს დაუწესდათ დღეების ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც უფლება აქვთ თავიანთ ეროვნულ გუნდებში ითამაშონ. სავარაუდოდ, ბითაძე საქართველოს ნაკრებს ხსენებულ სამივე ღონისძიების მატჩებში დაეხმარება, თუმცა ეს მოლაპარაკების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გადაწყდება.
თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალში თამაშობს და მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღიც სერიის დასრულებაზეა დამოკიდებული. ნაკრებს 20 ივნისიდან შეუერთდება ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი, ხოლო ესპანური „ბეტისიდან“ ახლახან წამოსული ბექა ბურჯანაძე ნაკრებს სამშაბათიდან შეუერთდება. 24 ივნისს საქართველოს ნაკრებს უკანახაზელები – რატი ანდრონიკაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი, თად მაკფადენი დაემატებიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 მოგებით ლიდერობს. თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული ესპანეთსა და უკრაინას, რომლებსაც შესაბამისად 3 და 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა ოთხივე წაგების მქონე ჩრდილოეთ მაკედონია.