საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილო მაკედონიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო. ადგილობრივ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ მასპინძლებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ საგოლე დარტყმა ვერ შეასრულეს. ჩრდილოეთ მაკედონელმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ წაგებით გაწბილებულია, მაგრამ პირველი ადგილისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებს.

„საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ შეხვედრას რომ წააგებ, აღარც კი იცი რა უნდა თქვა. ჩვენ სამ ეპიზოდში შეგვეშალა. მანამდე, 50 წუთის განმავლობაში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. პირველი გოლის შემდეგაც კი კარგად ვთამაშობდით, შემდეგ კი გავტყდით.

საქართველომ ფიზიკურად გვაჯობა. ამ კომპონენტში ვფიქრობ მეტოქე გვჯობდა და გადამწყვეტი როლიც ამან ითამაშა. ჩემს მოთამაშეებთან პრეტენზია არ მაქვს. მათ თავდადებას ვერ დავუწუნებ. გულდასაწყვეტია, ასეთი უპირატესობის პირობებში ერთი ან ორი გოლი რომ ვერ გავიტანეთ, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ახლა წინ უნდა ვიყუროთ.

ტაქტიკა ყოველ შეხვედრას სათავისო უნდა მოურგო. კვირას, გიბრალტართან შემადგენლობის შეცვლა მომიწევს. იძულებული ვარ ასე მოვიქცე. ჩვენი შემადგენლობა ეს არის და ბიჭებს ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. ბოლო პასის გარდა ყველაფერი მაღალ დონეზე გვქონდა.

ვიმედოვნებ ტრავმები სერიოზული არ არის. მას მერე, რაც გუნდს სათავეში ჩავუდექი, ვთქვით, რომ მიზანი ევრო 2023-ზე მოხვედრაა და ყველაფერი, რაც აქამდე გავაკეთეთ, ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენ საკუთარ პოტენციალზე რეალური წარმოდგენა უნდა გვქონდეს, რათა ვიცოდეთ მომავალ შესარჩევ შეხვედრებში ვის და რამდენად უნდა დავეყრდნოთ.

წინ კიდევ სამი თამაშია. გიბრალტართან გამარჯვება იმედისმომცემია და მინდა გითხრათ, რომ იოლი მეტოქე გიბრალტარიც აღარ არის. ჩვენ მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ეს მოწინააღმდეგე პატივისცემას იმსახურებს.

სანამ შანსი ჯერ კიდევ არის, ჩვენი მიზანი არ იცვლება. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ წაგებაზე კვირას, გიბრალტართან სწორი რეაგირება გვექნება. ვიმეორებ, ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ. ბულგარეთთანაც და დღესაც ჩვენი მთავარი პრობლემა მომენტების რეალიზაცია იყო. ჩვენს გუნდში იგივე ბიჭები არიან, რომელთაც სომხეთში სტუმრად 5:0 მოიგეს, რომელთაც ბევრი წარმატებისთვის მიუღწევიათ.

მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც დღეს მხარი დაგვიჭირა. ეს ბევრს ნიშნავს. მათ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ. სამწუხაროდ, დღეს კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ”.

მეორე ტაიმში ყველა მიაქცევდა ყურადღებას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და „ნაპოლის” 22 წლის ვარსკვლავის ელიფ ელმასის განაწყენებას. ის მოედანზე დაჯდა, წვივსაფრები და სახვევები მოიხსნა, ბალახზე დაყარა და ისე გავიდა.

„ელიფს საზარდული ეტკინა და შეცვლა ითხოვა. რაც შეეხება ბარდის, მან ბოლომდე მოედანზე დარჩენა დაიჟინა. ვიცი მისი ხასიათი, გასვლა არ უნდოდა. ტრაიკოსვსკი დაშავდა, რისტოვსკი კი დაიღალა… ათ დღეში ოთხი თამაში სიგიჟე და არაადამიანურია,” — თქვა მილევსკიმ.