Imageჯენარო გატუზო უკვე ვალენსიაშია. იტალიელი ახალი სამსახურის ადგილას მალაგადან გუშინ, შუადღისას ჩაფრინდა. მალაგაში ის ზაფხულის აგარაკზე ისვენებდა. ახალმა ჩასულმა თქვა, რომ „მესტალიაზე” მას ენობრივი ბარიერი არ ექნება.

„ვალენსიაში” გატუზოს რთული ამოცანა ელის — „ღამურები” მესამე წელიწადია ევროთასებზე ვერ გადიან. კლუბის მეპატრონისთვის, სინგაპურელი პიტერ ლიმისთვის კი იტალიელი მეათე მწვრთნელია. ლიმმა 2014 წლის შემდეგ „ჩეებს” ცხრა თავკაცი გამოუცვალა.

ესპანეთში გატუზოს მოუწევს შეხვედრა თანამემამულე კარლო ანჩელოტისთან. ანჩელოტი გატუზოს ოდინდელი მენტორია, ის ლა ლიგის ჩემპიონ „რეალს” უდგას სათავეში.

„ბედნიერი ვარ და ამაყი, აქ რომ ჩამოვედი, — თქვა გატუზომ, — მე 2024 წლამდე მოვაწერე ხელი კონტრაქტს ასწლოვან კლუბთან, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მიხარია, რომ ვხედავ უზომოდ ენთუზიასტ გულშემატკივარს”.

ადრეც მოგახსენეთ, რომ ვალენსიაში გატუზოს ოპოზიციაც დახვდება. კერძოდ, მისი „ღამურების” მწვრთნელად დანიშვნის წინააღმდეგი იყო კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიგელ სორიო. სორიომ გატუზოს რასისტი და მაჩო უწოდა.

დღეს ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელს გულშემატკივრის წინაშე წარადგენენ.