5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სტუმრად 5:2 მოუგო, მაგრამ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს გუნდები რამდენიმე დღეში, 12 ივნისს თბილისშიც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ქართველი მკითხველისთვის ბულგარეთის ნაკრების თემა აქტუალურია.
გთავაზობთ ბულგარული საიტის 7sport-ის მოკლე წერილს, სადაც რაზგრადში ჩატარებული შეხვედრა სხვა კუთხით არის დანახული:
„ჩვენს ნაკრებს საუკეთესო პერიოდი აშკარად არ უდგას. გუნდმა რაზგრადში საქართველოსთან მტკივნეული მარცხი განიცადა 2:5, მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი თამაშის შედეგი კი არა, სტატისტიკაა, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა შეურაცხმყოფელად ცოტა კილომეტრი ირბინეს. დასკვნა ის არის, რომ ამ დღეს ბულგარელი ფეხბურთელები მათ ბოლოდროინდელ ფორმასთან შედარებით 18-20%-ით ნაკლებად მოქმედებენ.
ჩვენს გუნდს სულ 130 სპრინტი ჰქონდა, საშუალო ნარბენი კი 7 კილომეტრზე ნაკლებია. მხოლოდ ორმა ბულგარელმა, ათანას ილიევმა და კირილ დესპოდოვმა ირბინეს 10 კილომეტრზე მეტი. დესპოდოვი ერთადერთია, ვინც სპრინტით 200 მეტრზე მეტი გაირბინა.
სპრინტების საშუალო რაოდენობა ერთ ფეხბურთელზე მხოლოდ 9 არის. ბულგარეთის ნაკრების ერთმა მოთამაშემ კი მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი სპრინტი შეასრულა და ისიც 6-მეტრიანი.
შედარებისთვის, გიბრალტართან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამმა ფეხბურთელმა ირბინა 10 კილომეტრზე მეტი, გიორგი მიქაუტაძემ კი 12 206 მეტრი დაფარა.
გიბრალტარელებსაც კი ჰყავდათ ერთი მოთამაშე, რომელმაც 11 კილომეტრი ირბინა, რაც ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისთვის საქართველოსთან შეხვედრაში წარმოუდგენელი იყო”.