No description available.ნიკა ამაშუკელს სარაგბო სამყაროში ყველა იცნობს. მისი გლობალური ცნობადობა წლიდან წლამდე, მატჩიდან მატჩამდე იზრდება და ეს იმ ბედნიერ შემთხვევათაგანია, როცა ახალგაზრდა კაცს თავისი საქმე თავდავიწყებით უყვარს, მაგრამ მიღწეულზე არ ჩერდება და საკუთარ განვითარებაზე ყოველდღიურად შრომობს.

ნიკა 27 წლისაა და ის მორაგბე კი არა, სარაგბო მსაჯია. ამ პროფესიისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა კია, მაგრამ უკვე იმდენს მიაღწია, მრავალ სხვა რეფერის, თუნდაც სარაგბო ბობოლა ქვეყნის წარმომადგენელს, ოცნებად დარჩა და ბევრს დარჩება კიდეც.

ამაშუკელს ჩემპიონთა თასის მატჩიც უმსაჯია, ჩელენჯ კაპისაც, ზაფხულის თუ შემოდგომის ტესტებიც და საფრანგეთის ჩემპიონატშიც უმუშავია. ესაა ძალიან საამაყო მიღწევები და ის ფაქტი, რომ ნიკა ამაშუკელი ქართველია, ანუ არაა სარაგბო ტიერ 1-ის (პირველი დონის) ქვეყნის წარმომადგენელი, მის პერსონას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს სულაც სრულიად უნიკალურს ხდის.

ვინ თუ არა ამაშუკელი დაინიშნებოდა დიდი 10-ის ფინალურ მატჩზე, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით „დინამო არენაზე“ შედგა?! „ბათუმისა“ და „ყოჩების“ რკენა ძალიან რთული სამსაჯო იყო, მაგრამ ცხადია, ნიკა ამაშუკელმა საქმეს თავი ჩვეულ დონეზე – უნაკლოდ გაართვა.

ჰოდა ამ წარმატებულ ახალგაზრდას მატჩის შემდეგ საოცარი სიურპრიზი ელოდა: რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ნიკა ამაშუკელი ახალთახალი მანქანით დააჯილდოვა, თან მანქანაცაა და მანქანაც! ამიერიდან ამაშუკელს მანქანითაც იცნობენ, რადგან პრეზიდენტმა მას BMW-ს მარკის ელექტრომობილით უსახსოვრა!

გაოცებულმა მსაჯმა ეს მოულოდნელი საჩუქარი ერთობ ფილოსოფიურად მიიღო – ის მომავალი წარმატებების ავანსად და მეტი შრომის სტიმულად მიიჩნია.

„სარბიელი“ ყველა კარგ პროფესიონალს შრომის ასე დაფასებას და ასეთ დამფასებელს უსურვებს!