ჩანს, მიუნხენის „ბაიერნმა“ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში იპოვა – 23 წლის ნიგერიელი ვიკტორ ოსიმხენი.
მას შემდეგ რაც ლევანდოვსკიმ კლუბიდან წასვლის შესახებ მკვახე განცხადებები გააკეთა, ბავარიელები დაფაცურდნენ და ცენტრფორვარდის ძებნა დაიწყეს. ოსიმხენს „ნაპოლი“ 100 მილიონ ევროს აფასებს. კლუბთან კონტრაქტი მას 2025 წლამდე აქვს, წინა სეზონის 32 მატჩში კი 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ის იტალიაში ერთერთ საუკეთესო მეგოლედ ითვლება, სხვა საქმეა გერმანულ ფეხბურთს და „ბაიერნს“ როგორ მოერგება.
წინა ზაფხულს ნიგერიელი ფეხბურთელის გადაბირება ინგლისელებს სურდათ. „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“ და „ნიუკასლი“ ეპატიჟებოდნენ, თუმც „ნაპოლიმ“ ის არ დათმო. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება, დახვდება ოსიმხენი ხვიჩა კვარაცხელიას?