Liverpool-Real Madrid - 29-05-2022„რეალმა” მეოთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა. ფინალში, პარიზში მან „ლივერპული” დაამარცხა 1:0. გოლი ვინისიუს ჟუნიორმა 59-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა გამოვიდა მაღალი დონის, სანახაობრივი. ორივე გუნდმა შესანიშნავი, ოღონდ განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. „ლივერპული” მოქმედება სწრაფად, ეფექტურად, უტევდა, კარში არტყამდა; „რეალი” იყო არნახულად მობილიზებული, პასებში ზუსტი, ჰქონდა საოცრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი და… ჰყავდა ტიბო კურტუა. ხშირად, როდესაც მეკარე ბურთს მოიგერიებს, ამბობენ შემტევ გუნდს არ გაუმართლაო. ეს შეცდომაა. არ გაუმართლა კი არა, ერთი გუნდის ფეხბურთელმა მეორე გუნდის ფეხბურთელს აჯობა. კურტუას მჯობნი კი ამ მატჩში არავინ იყო — ლივერპულელებმა მის კარში ცხრაჯერ დაარტყეს და ბელგიელმა ცხრავე დარტყმა მოიგერია.

Liverpool-Real Madrid - 29-05-2022„რეალმა” დამსახურებულად გაიმარჯვა! „ლივერპულმა” დასანანი შეხვედრა წააგო! ბრწყინვალე მარათონი, რომელიც 63 შეხვედრისგან შედგებოდა იურგენ კლოპის გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ ორი ინგლისური თასით დაასრულა — ყველაზე დიდი შეჯიბრებები, ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა კი ვერ მოიგო. ექვსდღიან მონაკვეთში ჯერ ერთი ტიტული გაექცა ხელიდან, მერე მეორე. არადა, მერსისაიდელებმა მთელი სეზონის განმავლობაში ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, რომ მეტი ეკუთვნოდათ. თუმცა, ისიცაა — ვერც „რეალზე” და ვერც „მანჩესტერ სიტიზე” იტყვი, გამარჯვება მათზე არამი იყოო. ამიტომ, ასეთ დროს ხელებს შლიან და ამბობენ: ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

ინგლისურ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ ბევრს ლაპარაკობენ თამაშის დაყოვნებაზე. ფინალი „სტად დე ფრანზე” თითქმის 40 წუთით გვიან დაიწყო. მიზეზი მაყურებლის „საცობი” გახლდათ. უეფას შეეშინდა, რომ „საცობს” ჭყლეტა მოჰყვებოდა და დაწყების საათი გადაწია. მიძალებული ინგლისელი გულშემატკივრის ერთ ნაწილს წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზიც კი ერგო. ეს რასაკვირველია ორგანიზაციული შეცდომების ბრალი იყო. ინგლისელები იმასაც წერდნენ, რომ ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში ორი დღის წინ კი არა, ორი თვის წინ გადაიტანეს და ფრანგებს ყველაფრის უკეთ გათვლა შეეძლოთო, რაც მართალია, მაგრამ… თამაში ერთნაირად გადაიდო როგორც „რეალისთვის” ისე „ლივერპულისთვის”.

იგივე შეიძლება ითქვას ახალგამოცვლილ საფარზე. მოედანი ახალი იყო როგორც „ლივერპულისთვის” ასევე „რეალისთვის”, მითუფრო, რომ თუ სიჩქარეებს და სახიფათო მომენტებს გავიხსენებთ, „ლივერპული” „უხარისხო” მოედანს დიდად არ დაუბრკოლებია.

შეხვედრის გამორჩეული მომენტებიდან აღსანიშნავი იყო პირველი ტაიმის ბოლოს ქარიმ ბენზემას მიერ გატანილი გოლი, რომელიც არ ჩაითვალა. მიზეზი: ოფსაიდი. პოზიციურად ბენზემა რასაკვირველია თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მას ბურთი ლივერპულელი ფაბინიოსგან მიუვიდა, მეტოქისგან ბურთის მიღების შემთხვევაში კი თამაშგარე არ ფიქსირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში VAR-ის მსაჯებმა მაინც ოფსაიდი აღნიშნეს და მიზეზად ის თქვეს, რომ „რეალის” თავდამსხმელს ბურთი ფაბინიოსგან უნებურად მიუვიდა. ეს მართლაც ასე იყო, ფაბინიოს უკან პასი არ გადაუწოდებია. საკამათო წესია? შეიძლება, მაგრამ ეს კამათი ამ კონკრეტულ შეხვედრას აღარ ეხება.

59-ე წუთზე კი შესანიშნავად მოთამაშე ფედე ვალვერდემ ვინისიუს ჟუნიორს დიდებული დიაგონალური პასი მიაწოდა და ბრაზილიელმა გოლი შეაგდო. ეს იყო ერთადერთი დარტყმა, რომელიც ამ დღეს „რეალმა” კარს დაუმიზნა.

სულ, ზუსტი და უზუსტო დარტყმების ანგარიში გახლდათ 23:3 „ლივერპულის” სასარგებლოდ, მაგრამ… ითვლება მხოლოდ ის, რომელიც კარში გადის.