No description available.მარსელის მრავლისმნახველ „ველოდრომს“ რა გააკვირვებდა – ამ დიდებულ და ისტორიულ არენაზე უამრავი დაუვიწყარი საფეხბურთო სპექტაკლი დადგმულა და მის გაზონზე ფეხი მრავალ საფეხბურთო ვარსკვლავს დაუდგამს.

პარასკევის გვიან საღამოს კი „ველოდრომმა“ ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ფინალს უმასპინძლა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარგალიტად აღიარებულ საუცხოო სტადიონზე ამჯერად ფეერიული სარაგბო სპექტაკლი დაიდგა.

ჯერ ერთი, საკუთრივ თამაში გამოდგა ძალიან საინტერესო და აზარტული, მეორე კი ის იყო, რომ ამ სპექტაკლის მონაწილეთა შორის მსოფლიო რაგბის უკაშკაშესი (მაგალითად ჯოსუა ტუისოვა), მათთან ერთად უკვე ბრწყინვალებადაკარგული, მაგრამ სახელოვანი (ვთქვათ, სერჯიო პარისე), და ასევე ამომავალი ვარსკვლავები იყვნენ.

ამ უკანასკნელთა რიგს უპირველესად საქართველოს ნაკრების ფულბეკი და „ლიონის“ გარემარბი დავით ნინიაშვილი უნდა მივაკუთვნოთ. ეს ჯერაც 19 წლის ჭაბუკი სანახაობის მთავარ მოქმედ პირთაგანი იყო. ქართველი ვუნდერკინდი თავის მზარდ საშემსრულებლო ოსტატობას პრაქტიკულად ყველა მატჩში ავლენს და სასიამოვნო სანახავია, თუ როგორ იზრდება ეს ბიჭი მატჩიდან მატჩამდე.

No description available.„ლიონის“ მეტოქეც ფრანგული კლუბი იყო – „ტულონი“, რომლის შემადგენლობაში შესანიშნავი მატჩი ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ჩაატარა. თუმცა, პიერ მინიონის მიერ დამოძღვრილმა ლიონელებმა ფინალური შეხვედრა სამხრეთელებზე მაღალ დონეზე ჩაატარეს, 30:12 იმარჯვეს და კლუბს არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტიტული მოუტანეს. „ტულონი“ ბევრად ტიტულოვანი კლუბია – ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელია, თუმცა ჩელენჯ კაპზე წარმატების მიღწევას ვერა და ვერ ახერხებს. პარასკევს ტულონელებმა ამ ტურნირზე მეოთხე ფინალი წააგეს.

დათო ნინიაშვილს დავუბრუნდეთ და ისიც ვთქვათ, რომ პირადად მისთვის ეს მატჩი არ იყო ყველაზე იღბლიანი მიუხედავად იმისა, რომ თავად მცდელობა არ დაუკლია და გოლიათებს მართლაც დავითივით უმკლავდებოდა! დაცვაში მას არცერთი ბოჭვა არ გაფუჭებია და თავის მთავარ ფუნქციას – თავდაცვას – თავი შესანიშნავად გაართვა.

შეტევაშიც უკვე ტრადიციულად მწვავე იყო – მისი მოხდენილი და მოუხელთებელი მოძრაობები პუბლიკასაც უყვარს და გუნდსაც დიდად ეხმარება. ჰაერშიც ბადალი არ ჰყავს – ორმეტრიან მეტოქეებზე ორი თავით მაღლა ხტება ნებისმიერი ზომისა დ წონის მეტოქეს უშიშრად ერკინება და ამარცხებს კიდეც ამ ხანმოკლე ორთაბრძოლებში.

რაც შეეხება უიღბლობას – აბა, რა უნდა დაერქვას იმ ფაქტს, როცა ბურთიანად ტულონელთა ლელოში შევარდნილმა ბურთის ძელებს უკან დამიწების მიზნით ცოტათი ზედმეტი ირბინა და ლელოს დადების დროს მოედნის პირით ხაზს შეეხო. შესაძლოა, არც შეხებია, რადგან ვიდეორეფერიმ აქცენტი ზედხედზე გააკეთა, როცა ფეხი ხაზს აშკარად ეფარებოდა, მაგრამ სხვა რაკურსით ეს არ ფიქსირდებულა და ჩვენი აზრით, რეფერის ლელოს ჩათვლა თავისუფლად შეეძლო.

No description available.მოკლედ, ეს ლელო გაუქმდა. მეორედ კი დათოს მაშინ არ გაუმართლა, როცა მისი წამოწყებული სწრაფი იერიში პარტნიორებმა გააგრძელეს და დაგვირგვინებაც თითქოს ქართველზე იყო, მაგრამ როცა თანაგუნდელი ისეთ გადაცემას აძლევდა, რომელსაც ნინიაშვილს ხაზსაც გააჭრევინებდა და ლელოსაც დაუბრკოლებლად დაადებინებდა, ერთ-ერთმა ტულონელმა დათოსკენ მიმავალი ბურთი ჩაჭრა, ვერ დაიჭირა, ყვითელი ბარათი მიიღო  და ინგლისელ მსაჯს ტექნიკური ლელოც ჩაათვლევინა. ასე არ აცალეს დავით ნინიაშვილს მეორე ლელოს დადება, თუმცა გუნდმა მაინც იხეირა და ამ 7 ქულით წინ იმდენად გაიჭრა, რომ „ტულონს“ თამაშის გადარჩენის იმედები მანდ გადაეწურა.

სამწუხარო, ფინალში ბექა საღინაძემ ვერ ითამაშა, ვისაც ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, თორემ ფინალში გვეყოლებოდა ორი გამარჯვებული ქართველი ერთი დამარცხებულის წილ. ასეა თუ ისე, ჩელენჯ კაპის 2021-2022 წლების გათამაშება ქართველთა აქტიური მონაწილეობით განვითარდა და 19 წლის დათო ნინიაშვილის პირველი დიდი კარიერული გამარჯვებით დაგვირგვინდა!