დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „ლივერპული” „რეალს” ხვდება. შეხვედრის წინ, მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ სადიო მანეს შეუძლია გადამწყვეტი შეხვედრის გმირი გახდეს, თუმცა ვერ უარყო, რომ ეს თამაში მისთვის ამ კლუბში შეიძლება ბოლო იყოს.
სენეგალელი თავდამსხმელი ჩინებულ ფორმაშია. მან მიმდინარე სეზონში, საკლუბო შეჯიბრებებში, 50 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.
30 წლის მანეს შეძენა „ბაიერნს” უნდა. კლოპმა თქვა: „სადიო კარიერის საუკეთესო ფორმაშია. მისი ვარჯიშისა და თამაშის ნახვა ერთ რამედ ღირს. ჩვენ მისგან ბევრს ვითხოვთ. მიმდინარე სეზონი მისთვის ძალიან გრძელი გამოდგა. მანემ ბევრ ფინალში მიიღო მონაწილეობა და ყველაში წარმატებას მიაღწია. მისთვის ცხოვრების ყველაზე წარმატებული წელიწადი დგას”.
როდესაც ჰკითხეს წავა თუ არა ამ ზაფხულს მანე „ლივერპულიდან”, გერმანელმა კატეგორიული უარი ვერ თქვა:
„ახლა ამ თემაზე სალაპარაკოდ ცუდი მომენტია. ერთი ვიცი, სადაც არ უნდა ითამაშოს მომდევნო სეზონში სადიომ, ის უეჭველად დიდი ფეხბურთელი იქნება.
ჭორებს „ბაიერნის” შესახებ კი არ დაგიდევთ. მანე ამჟამად ერთ კონკრეტულ თამაშზე ფიქრობს. პირველად არ ხდება ჩემს კარიერაში, როდესაც მნიშვნელოვანი მატჩის წინ „ბაიერნთან” დაკავშირებული ჭორები წამოყოფს თავს”.
კლოპი 2008-15 წლებში „დორტმუნდს” ედგა სათავეში და გერმანულ „რეკორდმაისტერზე” გაღიზიანება შეიძლება იქიდანაც მოდის.
კიდევ, „წითლების” თავკაცი ფიქრობს, რომ თუ „ლივერპული” ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვებს ჩემპიონთა თასს, მისი ორი აფრიკელი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს, სადიო მანეს ან მო სალაჰს „ოქროს ბურთის” მოგების შანსი ერთიორად გაეზრდებათ.
მათი სავარაუდო კონკურენტი „რეალის” ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემაა.