The last African player to win the Ballon d'Or award was George Weah back in 1995
ჯორჯ ვეა

სადიო მანე უკმაყოფილოა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში სერიოზულ კანდიდატებად არ მიიჩნევენ. მას სურს გახდეს მეორე აფრიკელი, რომელიც „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში გაიმარჯვებს. პირველი, 1995 წელს, ლიბერიის დღევანდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვეა იყო.

2022 წელს მანეს საქმეები ისე მიდის, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. მისი ლიდერობით სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი მოიპოვა. სენეგალელები მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც და ამ ყველაფერს დაემთხვა „ლივერპულის” მიერ ინგლისის ორი თასის მოგება. ხვალ კი დიდი თამაშია: მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალს” ხვდებიან.

იმ შემთხვევაში თუ „ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვებს, რაც არ უნდა მოხდეს ზაფხულსა და შემოდგომაზე, 2022 წელი მანეს კარიერაში ოქროს ასოებით ჩაიწერება; თუმცა გაჩნდება კითხვა: დარჩება ის „ენფილდ როუდზე”?

30 წლის თავდამსხმელის გადაბირება „ბაიერნს” სურს.

და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანეს დიდი სურვილი აქვს გახდეს „ოქროს ბურთის” ლაურეატი, რომლის გამარჯვებულსაც ოქტომბერში დაასახელებენ. დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე პარიზში გაიმართება.

მანეს აფრიკელი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულებაზე ჰკითხეს. მან უპასუხა: „დიახ, აფრიკელებს ჯეროვნად არ აფასებენ. ბიჭებო, თუკი ამას თქვენ თვითონ ხედავთ, მე რაღა დავამატო? ძალიან საწყენია, რომ ასე ხდება. აფრიკის ერთა თასი უდიდესი ჯილდოა. მე ასეთი დიდი ტიტული აქამდე ცხოვრებაში არ მომიგია.

ძალიან საწყენია, რომ ჯორჯ ვეას შემდეგ აფრიკელ ფეხბურთელს „ოქროს ბურთი” არ აღუმართავს. რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაც განსაკუთრებული მიღწევაა. წლეულს ხელმეორედ მეძლევა ამ ჯილდოს მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. მერე კი ვნახოთ „ოქროს ბურთზე” რა მოხდება.

მე და ჩემმა ლივერპულელმა თანაგუნდელებმა ოთხივე შეჯიბრების მოგება ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში დავისახეთ მიზნად. ორში მივაღწიეთ მიზანს, მესამეში ვერა. ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია.

„მანჩესტერ სიტი” დამსახურებულად გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ჩემთვის და ლივერპულელი ბიჭებისთვის საგანგებო მიღწევა იქნება.

ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება „ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში დამატებითი არგუმენტიც იქნება. თუ გავიმარჯვებ, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები”.