„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს.
„დღემდე ჩემთვის ტრანსფერის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში კიდევ დიდხანს მსურს“, – დასძინა 30 წლის ბრაზილიელმა.
საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, პსჟ მზადაა ნეიმარს შეელიოს. ასევე, დაირხა ჭორი: კილიან მბაპეს, რომელსაც ახლა ლამის მმართველის ფუნქცია უბოძეს, ბრაზილიელის გუნდში ხილვა აღარ სურსო.
ახალდამთავრებულ სეზონში, ნეიმარმა პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირში 28 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.