Grealish won his first Prem title after leaving Villa last summer in a British transfer recordჯეკ გრილიში ლუდს შეექცეოდა, პეპ გვარდიოლა კი მსხვილ სიგარას აბოლებდა… „მანჩესტერ სიტიმ” ქალაქში ღია ავტობუსით ჩაიარა. პრემიერლიგის ჩემპიონს ქუჩებში ათეულობით ათასი გულშემატკივარი ესალმებოდა.

პეპი და კომპანია ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები. ტიტული მათ ოფიციალურად ბოლო ტურში, „ასტონ ვილასთან” დრამატულ საშინაო შეხვედრაში გაიფორმეს. 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს.

მანჩესტერის ქუჩებში ავტობუსით გამოსული ფეხბურთელები ფანებს შამპანურით წუწავდნენ. გვარდიოლამ თქვა, რომ მისი ფეხბურთელები ლეგენდები არიან:

„ორი ბურთით ვაგებდით. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც პირველი გოლი გავიტანეთ. ეს არ იყო ჩვეულებრივი თამაში, მაგრამ თავი სწორედ ასეთ მდგომარეობას უნდა გაართვა. გუინდოგანი, რომელმაც „ვილას” ორი გოლი გაუტანა, საჯარიმოში სიღრმიდან შეჭრის ოსტატია. ჩვენი სტილიდან გამომდინარე გვჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც ტემპის ზუსტი შეგრძნება აქვს. ილქაი ამაში უბადლოა.

ლეგენდები ვართ. პრემიერლიგა ხუთ სეზონში ოთხჯერ იმიტომ მოვიგეთ, რომ განსაკუთრებული ბიჭები გვყავს. ხალხი არ დაგვივიწყებს. პირველად დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ, შემდეგ ბრაიტონში გავხდით ჩემპიონები, მესამედ ეს ცარიელი ტრიბუნების წინ მოხდა და ბოლოს ახლა, ამდენი ხალხის წინაშე ვზეიმობთ. ბოლო ჩემპიონობა ყველაზე ლაზათიანი იყო.

გამარჯვების მნიშვნელობას კონკურენტის ძალა განსაზღვრავს. „ლივერპულის” მსგავსი გუნდი მე არასდროს მინახავს. ვიცი, ჩემპიონები რომ ვერ გახდნენ უხასიათოდ იქნებიან, მაგრამ მინდა გულით მივულოცო. ჩვენ ისინი კლასის ამაღლებაში დაგვეხმარნენ”.

„ქალაქელების” ზეიმში არ მონაწილეობდა „ასტონ ვილასთან” შეხვედრის ორი მონაწილე რაჰიმ სტერლინგი და გაბრიელ ჟესუსი. ითქვა, რომ ორივეს ოჯახურმა მიზეზმა შეუშალა ხელი, მაგრამ ან ერთს ან მეორეს რა შეემთხვა არ დაუზუსტებიათ.