საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ესპანურ გაზეთ AS-ში VAR-თან დაკავშირებით. მისი ავტორი რუბი არესი ამბობს, რომ ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონს ვიდეომსაჯობამ თავისი კვალი დააჩნია. VAR რომ არა, ზოგი გუნდი საბოლოო ცხრილში სხვა ადგილს დაიკავებდა. კერძოდ, „ბარსელონა” მესამე ადგილზე გავიდოდა და სუპერთასზე ვერ მოხვდებოდა, „ვილიარეალი” მომავალ სეზონში ევროლიგაში ითამაშებდა, „გრანადა” კი გავარდნას გადარჩებოდა.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ წინა სეზონთან შედარებით ესპანეთში ვიდეორეფერიმ გაზის პედალს ფეხი აუშვა. ერთი წლის წინ ამ დროს ამბობდნენ, რომ VAR 155 ეპიზოდში ჩაერია, ახლა კი ეს რიცხვი 143-მდე შემცირდა. და მაინც, ვიდეორეფერიმ პრიმერა დივიზიონის საბოლოო ცხრილს თავისი დაღი დაასვა, რასაც ფოტოზე ხედავთ, სადაც მარცხენა ცხრილი რეალურია მარჯვენა კი რეალური იქნებოდა VAR რომ არ ყოფილიყო.
AS წერს, რომ ვიდეორეფერის ჩარევის გარეშე „სევილია” ხუთი ქულით მეტს მოიპოვებდა და მეორე ადგილზე გავიდოდა. შესაბამისად, ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონას” ნაცვლად ის მიიღებდა მონაწილეობას. ზემოთ ვთქვით, რომ ვიდეოჩარევის გარეშე ევროლიგაში „ვილიარეალი” ითამაშებდა, ხოლო კონფერენციის ლიგაში „რეალ სოსიედადი” გამოვიდოდა. და რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, „ლევანტესა” და „ალავესთან” ერთად ლა ლიგიდან „გრანადა” კი არა „მალიორკა” გავარდებოდა.
VAR-ის ჩარევა ყველაზე მეტჯერ „ვალენსიამ” იწვნია — 22. მერე მოდიან „გრანადა” (20) და „ვილიარეალი” (18). ყველაზე იშვიათად VAR „ბარსელონას” და „ელჩეს” საქმეებში ჩაერია — 9.
VAR-მა ყველაზე ხშირად „ვალენსიას” და „ხეტაფეს” საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო — 10. მერე მოდიან „რეალი” და „ვილიარეალი” — 9.
VAR-მა ყველაზე ხშირად გაახარა „ლევანტე” და „გრანადა” — 11; და „ატლეტიკო” — 10.