გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში 15-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, მათ შორის საფრანგეთის ტოპ 14-ში – 12-მა, პრო დ2-ში – ორმა და კიდევ ერთმა – ინგლისის პრემიერშიფში.

No description available.პრემიერშიფი

უქმეების მიმოხილვასაც სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყებთ. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ პირველად ითამაშა ჩემპიონატის მატჩში 80-ვე წუთი, თან ბორჯღალოსანმა შუამარბმა სრული მატჩი თავისთვის უჩვეულო, 12 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა და კლუბის ხელმძღვანელობა მისი გამოსვლით ფრიად კმაყოფილი დარჩენილა. „გლოსტერმა“ კი ლონდონში „ჰარლიქუინზთან“ 24:28 წააგო და ოდენ ბონუს-ქულას დასჯერდა. კვესელაძის გუნდს ბოლო ტურის წინ 68 ქულა აქვს – ორით ნაკლები, ვიდრე ბოლო საპლეიოფო, მე-4 ადგილზე მყოფ „ნორთჰემპტონს“.

პრო დ2

ლა-მანშის გადმოღმაც არანაკლებ დამაინტრიგებელი ამბებია. პრო დ2-ში პლეი-ოფის მეოთხედფინალები გაიმართა. „ნევერმა“ „კარკასონს“ უმასპინძლა და ერთობ დაუძაბავად 24:12 აჯობა. გამარჯვებულთა სასტარტოში ორი ჩვენებური ბურჯი იყო: თორნიკე მატარაძემ 51 წუთი ითამაშა, ხოლო გია ხარაიშვილმა – 55. 29 მაისს „ნევერი“ ნახევარფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ „მონ-დე-მარსანს“ ესტუმრება და ფინალის საგზურისთვის შეერკინება.

მეორე ნახევარფინალური წყვილი ასევე 29-ში ითამაშებს: „ბაიონი“ „ოიონაქსს“ უმასპინძლებს, რომელმაც წინა წრეში „კოლომიეს“ მძიმე ბრძოლაში 19:15 სძლია.

ტოპ 14

ევროპის უძლიერეს ლიგაში ინტრიგამ ასევე ბოლო ტურს უწია. გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ბიარიცი“ მომავალ სეზონში პრო დ2-ში იასპარეზებს,  ხოლო „სტად ფრანსე“ და „პო“ დასკვნით ტურს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ხვდებიან.

No description available.სხვათა შორის, აწ უკვე დაქვეითებული „ბიარიცის“ ქართველმა ბურჯმა უჩა ჭეიშვილმა გასულ ტურში „კლერმონი“ დაალელოვა, თანაც ეს შეცვლაზე შესვლიდან 3 წუთში მოახერხა. 24 წლის მარცხენა ბურჯისთვის ეს იყო პირველი ლელო ტოპ 14-ში გამართულ 21 მატჩში. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჭეიშვილი მომავალ სეზონს „მონპელიეში“ გაატარებს, საიდანაც ბასკურ კლუბში განათხოვრებული იყო.

უმოტივაციოთ მყოფ მეორე ბასკურ კლუბ „პოში“ კი ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ პირველად ითამაშა კაპიტნის რანგში. „პო“ ტულონში 20:37 დამარცხდა, ხოლო ბექამ თავის გუნდს 72 წუთის განმავლობაში უკაპიტნა, ვიდრე შეცვლიდნენ.

ცხრილის სათავეში კი ისეთი ჩახლართული ვითარებაა, მოყოლას აზრი არ აქვს. იმასღა დავძენთ, რომ არც პირველ-მეორე ადგილზე გამსვლელთა ვინაობაა გარკვეული და არც მესამე-მეექვსეზე. სანუკვარ ექვსეულში მოხვედრის შანსს ბოლო ტურის წინ ამ ექვსეულს მიღმა მყოფი კიდევ სამი კლუბი ინარჩუნებს. გარდაამისა არც ბოლოს წინა გუნდის ვინაობაა გარკვეული. ასე რომ, ველოდებით ბოლო ტურს.