„ნაპოლის” ამბებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მას მერე შეიძინა, რაც იტალიის ეს კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირეს. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ნეაპოლელები ბოსნიელი ნახევარმცველით მირალემ პიანიჩით არიან დაინტერესებულნი. 32 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას” საკუთრებაა და „ბეშიქთაშში” თამაშობდა. კატალონიელებს ის სათავისოდ არ სჭირდებათ და გაყიდვას უპირებენ. თავად ბოსნიელს კი ამბიცია არ აკლია, მას უნდა სერიოზული პროექტის სერიოზული ნაწილი იყოს.
ფაქტია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პიანიჩი ვეღარ თამაშობდა ისე, როგორც ადრე, როდესაც „რომასა” და შემდეგ „იუვენტუსის” ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად სერია A-ს კლუბები მას ისევ იწვევენ. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ვეტერანს აკვირდება „ნაპოლია”. „ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი” წერს, სურს გამოცდილი ხალხი დაიმატოს.
იტალიური „ტუტოსპორტი” კი დასძენს, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტ დე ლაურენტისს პიანიჩის ყიდვის აზრი მათმა საერთო მეგობარმა მიაწოდა. დე ლაურენტისს ბოსნიელის „ბარსელონადან” იჯარით წამოყვანა სურს.
ზემოთ ვთქვით, რომ კატალონიელებს პიანიჩის იჯარით გაცემას მისი გაყიდვა ურჩევნიათ, თუმცა თუკი „ნაპოლი” ფეხბურთელის ხელფასის მეტ წილს გადაიხდის, შეიძლება იჯარაზეც დაყაბულდნენ. თავის მხრივ, იტალიელები შეეცდებიან ნახევარმცველის ხელფასი მთლიანად მათი გადასახდელი არ გახდეს.