„კრისტალ პალასის” მწვრთნელმა, წარსულში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ მოედანზე ჩამხტარ, „ევერტონის” აბეზარ გულშემატკივარს უთავაზა.
ეს მოხდა იმ შეხვედრის დამთავრების შემდეგ, რომლის 85-ე წუთზე ლივერპულელთა თავდამსხმელმა დომენიკ კელვერტ-ლევინმა გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე ანგარიში იყო 2:2. კელვერტ-ლევინის გოლის წყალობით „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ფანები სიგიჟემდე გაახარა. ისინი ათასობით ჩახტნენ მოედანზე. სწორედ მაშინ დააფიქსირა კამერამ ვიეირას ინციდენტიც.
ფანის საქციელი რასაკვირველია პროვოკაციული იყო. ის „პალასის” ბოსს ვიდეოს უღებდა და თან სახესთან ახლოს თითი მიუტანა. გარდა ამისა ფანი ფრანგს უშვერი სიტყვებით აგინებდა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მომხდარს გამოიძიებს. მოგვიანებით, ვიეირას კომენტარი სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა: „ამ ინციდენტთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს”.
„ევერტონის” თავკაცმა ფრენკ ლემპარდმა კი თქვა: „პატრიკს თანავუგრძნობ. თამაშის შემდეგ მე მასთან ხელის ჩამოსართმევად მისვლას მოვერიდე. მან ჩვენი გულშემატკივრებით გავსებული მოედანი მთელ სიგრძეზე გადაკვეთა, თუმცა ეს მთავარი არ არის. ის, რაც ხდებოდა, იყო ფანების გულწრფელი სიხარული იმის გამო, რომ პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ”.
იმავე საღამოს „სვინდონ თაუნმა” „პორტ ვეილთან” პენალტებით წააგო და „სვინდონის” გამწარებული ქომაგები „ვეილის” ფანებს შეებნენ. „პორტ ვეილი” მეორე ლიგის ფლეი-ოფის ფინალში გავიდა. მოგვიანებით სვინდონელთა მცველმა მანდელა ეგბომ დაპოსტა თავისი ფოტო, სადაც ცხვირი აქვს დაზიანებული. ეგბომ ფოტოს მიაწერა: „როგორ ახერხებთ თქვე დამპალო ფანებო იმას, რომ ადამიანს ორჯერ ძლიერად არტყამთ, მას კი სახეზე მხოლოდ ერთი მცირე დაზიანება რჩება. და მე რომ პასუხი გამეცა ცუდი ბიჭი ვიქნებოდი, არა?”
შეგახსენებთ, რომ ამ ამბებამდე 48 საათით ადრე „ნოტინგემ ფორესტის” ფანი მოედანზე თავს დაესხა „შეფილდ იუნაიტედის” ფეხბურთელ ბილი შარპს. გამოძიებამ დამნაშავეს მიაკვლია. ის აღმოჩნდა ვინმე რობერტ ბიგზი, რომელიც დაკავებულია.