ამ სეზონში „ლივერპულმა” ინგლისის ორივე თასი მოიგო, ლიგის და ფეხბურთის ასოციაციის. იურგენ კლოპის გუნდს ორივე ფინალში „ჩელსი” შეხვდა და ორივეჯერ თამაში თავისი დამატებითი დროით 0:0 დამთავრდა ანუ მერსისაიდელებმა წარმატებას პენალტებით მიაღწიეს.
თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველს ლონდონელთა კაპიტან სესარ ასპილიკუეტას მოეცარა ხელი, თუმცა მდგომარეობა მეკარე ედუარ მენდიმ გამოასწორა. მან თანამემამულისა და სენეგალის ნაკრებში თანაგუნდელის სადიო მანეს დარტყმა მოიგერია. „ჩელსის” მაინც არ გაუმართლა — მეისონ მაუნტმა როგორც სჩვევია თერთმეტი მეტრიდან ააცილა, რის შემდეგაც ლივერპულელმა კოსტას ციმიკასმა შეაგდო და „წითლებს” თასი მოუტანა.
მაუნტს პენალტის დარტყმა რომ არ უნდოდა იქიდან ჩანს, რომ ბურთთან მეშვიდე(!) მივიდა. დავიწყებულმა როს ბარკლიმაც დაარტყა, ის კი თეთრ ნიშნულთან მისვლას თავს არიდებდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ დაიმალა. არადა, მაუნტი მიმდინარე სეზონში „ლურჯების” საუკეთესო ბომბარდირია.
მეისონ მაუნტი 23 წლის არის და „უემბლიზე” უკვე ექვსი(!) ფინალი წააგო.
„ლივერპული” კი სეზონში ოთხი ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლას განაგრძობს, თუმცა თუ დღეს „მანჩესტერ სიტი” „ვესტ ჰემს” მოუგებს, იღბლის დიდი დახმარებაც დასჭირდება. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია და „სიტი” კლოპის გუნდზე სამი ქულით წინ არის.
მეოთხე ტიტული რომლისთვისაც „წითლები” იბრძვიან, ჩემპიონთა ლიგაა. ისინი 28 მაისს, პარიზში „რეალს” ხვდებიან.
99 წელია მას მერე რაც ასოციაციის თასის ფინალი პირველად გაიმართა „უემბლის” სტადიონზე და აქამდე ძირითადი და დამატებითი დრო გოლის გარეშე არ დამთავრებულა. მეტიც, ეს იყო ამ შეჯიბრების ისტორიაში პირველი პენალტების სერია. „ჩელსი” კი გახდა უნიკალური გუნდი: ზედიზედ სამი ფინალი წააგო.
გამარჯვებულთათვის იყო უსიამოვნო მომენტი — მო სალაჰი საზარდულის ტრავმის გამო 33-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. 90-ე წუთზე შეცვალეს დაცვის ბურჯი ვირჯილ ვან დაიკიც.