sad-manchester-united-child-fan - Stretty Rant„მანჩესტერ იუნაიტედის” სამარცხვინო სეზონის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ასეთია: ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე ორი ფეხბურთელი ფიზიკურად შეება ერთმანეთს. ეს ამბავი „სანმა” შეიტყო ექსკლუზიურად.

ჩხუბი ხუთშაბათს, ვარჯიშის მიწურულს მოხდა. ატეხილები გააშველეს. წვრთნა ამით დასრულდა. ფეხბურთელები გასახდელებში დაბრუნდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვით ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც თანაგუნდელებთან ღრენითა და კამათით არიან ცნობილები, პირდაღებულები უყურებდნენ იმას რაც მათ წინ ხდებოდა.

რალფ რანგნიკმა გასულ შაბათს, „ბრაიტონში” 0:4 დამარცხების შემდეგ ფეხბურთელები ოთხი დღით დაასვენა. მწვრთნელს განმუხტვის საშუალება კალენდარმა მისცა — გუნდი ამ უქმეებზე არ თამაშობს. „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო მატჩი შემდეგ კვირას, „კრისტალ პალასთან” უწევს, სტუმრად. რანგნიკის შეგირდებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მომავალ სეზონში კონფერენციის ლიგაზე გამოსვლის უფლება მოიპოვონ.

დღეს „ოლდ ტრეფორდზე” ყველა ხედავს, რომ გუნდს კაპიტალური რემონტი სჭირდება. პროცესს ახალი აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი უხელმძღვანელებს. საფეხბურთო საქმეთა დირექტორი ჯონ მარტო კი ორი დღის წინ ამსტერდამში იყო, სადაც „იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს შეხვდა. რამდენადაც ცნობილია ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე საჩქარო ორი ნახევარმცველის, ერთი თავდამსხმელისა და ცენტრალური მცველის შეძენაა. არის პრობლემაც: კლუბს სატრანსფეროს მხოლოდ 100 მილიონი სტერლინგი აქვს.

ტენ ჰაგს ძალიან  უნდა თავისი ყოფილი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი გადაიბიროს, მაგრამ ის „ბარსელონაში” თამაშობს და ძვირი ღირს. დე იონგის ყიდვით „ბაიერნი”, პსჟ და „მანჩესტერ სიტიც” არიან დაინტერესებულები. ესეც არ იყოს, რის შეთავაზება შეუძლია ჰოლანდიელი ფეხბურთელისთვის „იუნაიტედს”? უკეთესი შემთხვევაში კონფერენციის ლიგის, მაშინ, როდესაც დანარჩენები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.

შეზღუდული ბიუჯეტის გამო ტენ ჰაგმა მანკუნიენელთა სკაუტებს თავისუფალ აგენტებზე სთხოვა ყურადღების გამახვილება. არ არის გამორიცხული „იუნაიტედმა” თანამშრომლობა ოსმან დემბელესა და პაოლო დიბალას შესთავაზოს.