ათი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც პეპ გვარდიოლამ „ბარსელონა” დატოვა, გულშემატკივრები კი დღემდე მისტირიან. როგორც ჩანს იმავეს განიცდიან ფეხბურთელებიც. ეს გამოამჟღავნეს სერხიო ბუსკეტსმა, დანი ალვეშმა და სულ ბოლოს ჟერარდ პიკემ.
არადა, ამ ბოლო დროს გვარდიოლას აკრიტიკებენ. მიზეზი: „ბარსელონას” შემდეგ მან ჩემპიონთა ლიგა ვეღარავის მოაგებინა. ეს კრიტიკა განსაკუთრებით მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტის” „რეალთან” დრამატული მარცხის შემდეგ გაძლიერდა.
„სქაი სპორტზე” „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ გარი ნევილს მიჰყავს გადაცემა The Overlap რომელშიც ის ცნობილ ფეხბურთელებს ინტერვიუებს ართმევს. მისი ბოლო სტუმარი გახლდათ პიკე, რომელმაც თქვა:
„გვარდიოლა ძალიან ჭკვიანია. სხვა ადამიანი, ისე რომ ესმოდეს ფეხბურთი როგორც მას, მე არ შემხვედრია. თამაშის წინ ის ყველა შესაძლო „ხელსაწყოთი გამარაგებს” და მოედანზე ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ხარ.
პეპი მოწინააღმდეგეებს დეტალურად სწავლობს. ის გეუბნება, რომელ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცე. ასეთი დარიგების შემდეგ საკუთარ თავში დარწმუნებული ხდები. აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული ამოცანის წინაშე დგახარ, რამდენად ძლიერია თავდამსხმელი, რომელსაც მეურვეობ. მისი შეგონების მოსმენა ერთ რამედ ღირს”.
ნევილი „ბარსელონას” ვეტერანს ჩაეძია, თუ რით არის გვარდიოლას სამოტივაციო სიტყვები ასე მნიშვნელოვანი.
„მისი ნათქვამი პირდაპირ გულზე გხვდება, — თქვა პიკემ, — ის მუდამ სწორ სიტყვებს პოულობს. გვარდიოლა გვეუბნებოდა, რომ რთული ამოცანის წინაშე ვიდექით, მაგრამ გვეძლეოდა დიდებული შესაძლებლობა მთელი მსოფლიოსთვის დაგვემტკიცებინა, რომ მისი გადაჭრა შეგვეძლო”.