ერლინგ ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში” გადასვლა გადაწყვეტილია. „ქალაქელები” ამის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოაცხადებენ. „დორტმუნდმა” 21 წლის ნორვეგიელს ნება დართო ინგლისურ კლუბთან პირადი საკითხები შეათანხმოს.
ჰოლანდი ბრიუსელში შეხვდა „სიტის” წარმომადგენლებს და იქვე, „ერასმუს ჰოსპიტალში” სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია თავდამსხმელზე, რომელმაც ამ სეზონში დორტმუნდელთა მაისურით 88 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა და მსოფლიოში ყველაზე სასურველ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.
„დორტმუნდის” წარმომადგენელმა Sport1-თან ინტერვიუში თქვა: „დღეს გუნდი არ ვარჯიშობს და ჩვენც ჰოლანდს პირადი საკითხების მოგვარების ნება დავრთეთ”.
ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა 64 მილიონი გირვანქაა. ის მანკუნიანელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ამბობენ, ჰოლანდის წარმომადგენლები „სიტის” მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილნი არიან.
ჯერჯერობით, „ეტიჰედზე” ყველაზე დიდ ჯამაგირს, კვირაში 385 000 გირვანქას, კევინ დე ბრუინი იღებს.
მიმდინარე სეზონში „სიტის” პრემიერლიგაში სამი თამაშიღა დარჩა. ის ლიდერია, მაგრამ „ლივერპულს” მხოლოდ სამი ქულით უსწრებს და ამიტომაც თითოეულ შეხვედრას სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამბობენ, რომ ჩემპიონატის ასეთი დაძაბული ფინიშის გამო მანჩესტერელთა მწვრთნელს პეპ გვარდიოლას შეიძლება სულაც არ ეხატებოდეს გულზე ზედმეტი ხმაური ჰოლანდის ტრანსფერის გამო. მას უნდა, რომ ჯერჯერობით მთელი ყურადღება დარჩენილი ტურებისკენ იყოს მიმართული.
ჰოლანდის „სიტიში” გადასვლის შესახებ „ლივერპულის” თავკაცს იურგენ კლოპსაც ჰკითხეს. გერმანელმა უპასუხა: „ის მათ აშკარად არ დაასუსტებს. დღეს ბევრი ფულზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ტრანსფერი თამასას ახალ სიმაღლეზე აწევს. მოდი, ასე შევხედოთ საკითხს”.
ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით დაინტერესებული იყო „რეალიც”, თუმცა მადრიდელებმა გადაწყვიტეს მთელი რესურსი კილიან მბაპეს შეძენისკენ მიმართონ. იყო ლაპარაკი „ბარსელონასა” და „პარი სენ ჟერმენზეც”. ცხადია, აქტიურობდა „ბაიერნიც”, რომელსაც ერთიხანობა ნორვეგიელი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად წარმოედგინა, მაგრამ ფეხბურთელს გულმა მამის ყოფილი გუნდისკენ გაუწია. ალფ-ინგე ჰოლანდი, რომელიც შვილის ცხოვრებაში აქტიურად ერევა და დიდწილად აგენტობასაც სწევს, 2000-03 წლებში სწორედ „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა.