„ვესტ ჰემის” მწვრთნელ დევიდ მოიესს ბოდიშის მოხდა მოუწია. მან ფრანკფურტში „აუტჩიკს” ბურთი დაუმიზნა, მისკენ ფეხით დაარტყა, რისთვისაც მსაჯმა გააძევა. ეს მოხდა ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში. გერმანულმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა. ფრანკფურტელებს ლონდონშიც მოგებული ჰქონდათ 2:1.

„ჩაქუჩების” კარში გოლი 26 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რაფაელ სანტოს ბორემ 25-ე წუთზე გაიტანა.

18 მაისს, სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება ფინალი, რომელშიც „ფრანკფურტი” „გლაზგო რეინჯერსს” შეხვდება. „რეინჯერსმა” თავის მხრივ „ლაიპციგის” ბარიერი დაძლია: (0:1; 3:1).

„მე „აუტჩიკს” ბურთი დავუბრუნე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მან ის ძალიან ნელა გადმომიგდო. ისე, ბურთი ფეხზე კარგად მომაჯდა” — უშნოდ იხუმრა შოტლანდიელმა, შემდეგ კი გულნატკენმა დასძინა, — ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ შეჯიბრებაში „ფრანკფურტზე” ძლიერი გუნდები დავამარცხეთ”